საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მოუწოდებს პარლამენტს არ მიიღოს კანონი, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს სამართლებრივ სტატუსს უცვლის. მისი თქმით, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა არღვევს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების შრომით უფლებებს.

ომბუდსმენი თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომუშავე მხოლოდ 5 პირია ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული. კანონპროექტის ინიციატორები პირთა აღნიშნულ წრეს აფართოებენ და რისკის ქვეშ აყენებენ 102 სხვა საჯარო მოხელეს, რომლებიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუდმივ პროფესიულ ფუნქციებს ასრულებენ:

"თავად კანონპროექტის განმარტებით ბარათში საერთოდ არ არის მითითებული თუ კონკრეტულად რამდენ ადამიანს შეეხება ეს ცვლილება. მოხმობილი ინფორმაცია ასევე ვერ ასაბუთებს ცვლილებების საჭიროებას. განსაკუთრებულ წუხილს იწვევს ის გარემოება, რომ კანონპროექტი პარლამენტს წარედგინა ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე".

ის აღნიშნავს, რომ ინიცირებული კანონპროექტი დასაბუთების გარეშე უცვლის სტატუსს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, საფრთხის ქვეშ აყენებს მათი საქმიანობის შეუფერხებელ განხორციელებას და ქმნის თანამდებობიდან გათავისუფლების უპირობო საფუძველს.

მისივე თქმით, აუცილებელია კანონმდებლებმა გაითვალისწინონ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებული პროფესიული საჯარო მოხელეების შრომითი უფლებები, საქართველოს მოქალაქეების უფლება დაიკავონ საჯარო თანამდებობები, ის ღირებულებები და პრინციპები, რასაც დაეფუძნა საჯარო სამსახურის ახალი სისტემა და არ დაუშვან არაკონსტიტუციური კანონის მიღება.

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს საჯარო მოხელის შესახებ კანონში ცვლილებებს, რაც საქართველოს ახალ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს საშუალებას მისცემს გაათავისუფლოს ადმინისტრაციის თანამშრომლები და ახალი კადრები კონკურსის გარეშე დანიშნოს. ქართული ოცნების დეპუტატების, რატი იონათამაშვილისა და გურამ მაჭავარიანის საკანონმდებლო ინიციატივით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები ჩაითვლებიან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად და მათზე პროფესიული საჯარო მოხელეების შრომითი გარანტიები აღარ გავრცელდება.

კანონპროექტის ავტორებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სტრუქტურა სრულყოფილად ვერ პასუხობს საჯარო სამსახურის კანონის ლოგიკას. მათივე აზრით, ადმინისტრაციის თანამშრომლები პრეზიდენტს ხელს უწყობენ უფლებამოსილებების განხორციელებაში, ამიტომ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით უნდა დასაქმდნენ.

დეტალურად კანონპროექტის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.