წითურები მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 1-2 პროცენტს შეადგენენ. ამ დრომდე წითელი ფერის თმების უკან მდგარი გენების შესახებ უამრავი სხვადასხვა მოსაზრება არსებობდა.

მიჩნეული იყო, რომ წითური თმა მხოლოდ ერთი რეცესიული გენის დამემკვიდრებით მიიღება. ახლახან ჩატარებულ კვლევაში კი მეცნიერებმა აქამდე უცნობი გენები აღმოაჩინეს, რომლებიც აღნიშნულ პროცესში დიდ როლს თამაშობენ.

ედინბურგის უნივერსიტეტში მეცნიერებმა ადამიანის ფერის თმის შესახებ ყველაზე ფართომასშტაბიანი კვლევა ჩაატარეს, რომლისთვისაც დიდი ბრიტანეთის გენეტიკური ბანკის მონაცემები გამოიყენეს.

მეცნიერებმა 350 000 ინდივიდის დნმ გააანალიზეს, რის დროსაც წითურების გენომი შავგვრემნებისა და ქერებისას შეადარეს. ამ დრომდე მიჩნეული იყო, რომ ინდივიდის წითურობას მხოლოდ ერთი გენი, კერძოდ, MC1R განსაზღვრავდა.

თუმცა, როდესაც მეცნიერები წითურების დნმ-ს ქერებისას ან შავგვრემნებისას ადარებდნენ მათ გენომებს შორის რვა განსხვავება აღმოაჩინეს, რომლებიც ამ დრომდე უცნობი იყო.

კვლევაში მხოლოდ ევროპული წარმომავლობის ადამიანები მონაწილეობდნენ, რადგან ევროპელებში თმის ფერის კუთხით უფრო დიდი მრავალფეროვნებაა.

წარსულში ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით, მიღებული იყო, რომ წითურები თითოეული მშობლისგან გენ MC1R-ს სპეციალური ვარიანტს იღებდნენ. თუმცა, გაირკვა, რომ ყველა ადამიანი, რომელსაც MC1R-ს აღნიშნული ვარიანტები გააჩნია, წითური არ არის.

ამის გამო, მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ წითურობაზე პასუხისმგებელი სხვა გენებიც უნდა ყოფილიყვნენ, თუმცა აქამდე ამ გენების წარმომავლობა უცნობი იყო.

ახალ გენებზე დაკვირვებისას მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ზოგიერთი მათგანი გენ MC1R-ს ჩართვა-გამორთვას აკონტროლებს.

კვლევისათვის ფინანსები ბიოტექნოლოგიისა და ბიოლოგიური მეცნიერებების კვლევის საბჭომ (BBSRC) გამოყო. კომპანიის აღმასრულებელი თავმჯდომარე მელანი ველჰემი აცხადებს, რომ ის მიღებული შედეგებით ძალიან კმაყოფილია.

"კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სხვადასხვა კითხვების გარშემო გაერთიანება და პასუხების ერთად ძებნა. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ადამიანის თმის ფერზე ჩატარებულ ყველაზე დიდ კვლევაში მივიღეთ მონაწილეობა.", - აცხადებს ველჰემი.

წითურებში აღმოჩენილი რვა განსხვავების გარდა, მეცნიერებმა ქერა და შავგვრემან თმასთან დაკავშირებული 200 გენი აღმოაჩინეს. საინტერესო ისაა, რომ ამ გენების უმეტესობა არა თმების ფერს, არამედ მის სტრუქტურაზე ახდენს გავლენას.

კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.