კრაზანები საკმაოდ საშიშები და აგრესიულები არიან, მათი ნაკბენი კი, კარგ შემთხვევაში, შეიძლება ძალიან მტკივნეული, ხოლო ცუდ შემთხვევაში სასიკვდილოც კი იყო.

კრაზანების შხამი არა მარტო ადამიანებისთვის არის საშიში, არამედ ბაქტერიებისთვისაც. მეცნიერებმა შხამიდან იმ პეპტიდის იზოლირება შეძლეს, რომელიც მხოლოდ ბაქტერიების წინააღმდეგ მოქმედებს, რის შედეგადაც მათ ახალი პოტენციური ანტიბიოტიკი მიიღეს. პეპტიდი მხოლოდ ბაქტერიებს აზიანებს, ადამიანის უჯრედებს კი არაფერს ვნებს - თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ჯერჯერობით ახალი ნივთიერება მხოლოდ თაგვებში გამოსცადეს.

"ამ პეპტიდების სტრუქტურისა და ფუნქციის სისტემატური ანალიზით ჩვენ კრაზანის შხამში არსებული ნივთიერებები ჩვენს სასარგებლოდ შევცვალეთ", - აცხადებს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მიკრობიოლოგი და იმუნოლოგი ცეზარ დე ლა ფუენტე-ნუნეზი.

ანტიმიკრობულ პეპტიდებს დედამიწაზე მცხოვრები ორგანიზმების ყველა კლასი წარმოქმნის. ეს მოკლე ამინომჟავური ჯაჭვებია, რომლებსაც ბაქტერიების მემბრანების დაზიანება და შესაბამისად მათი განადგურება შეუძლიათ.

ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ინფექციები ყოველდღიურად უფრო და უფრო დიდი პრობლემა ხდება და ის უამრავი ადამიანის დაღუპვას იწვევს. ერთ-ერთი გზა, რომლითაც შეგვიძლია ასეთ ბაქტერიებს ვებრძოლოთ, ახალი ტიპის ანტიბიოტიკებია, რომელთა მიმართაც ბაქტერიებს რეზისტენტულობა არ გააჩნიათ.

სწორედ ამ მიზეზის გამო, მეცნიერები ცდილობენ, რომ ახალი ანტიმიკრობული პეპტიდებისგან ეფექტური მედიკამენტები შექმნან, თუმცა ეს საკმაოდ რთული პროცესია.

ამ მიზნისთვის გამოსადეგი ერთ-ერთი განსაკუთრებით საინტერესო პეპტიდი მეცნიერებმა სამხრეთ ამერიკული კრაზანის (Polybia paulista) შხამში იპოვეს, რომელიც სულ რაღაც 12 ამინომჟავისგან შედგება.

"ეს პატარა პეპტიდია, ჩვენ შეგვიძლია მასში მუტაციები გამოვიწვიოთ და ვნახოთ, თუ რა ფუნქციას ასრულებს თითოეული ამინომჟავა, ტოქსიურობისა და ანტიმიკრობული აქტივობის კუთხით", - აცხადებს დე ლა ფუენტე-ნუნეზი.

თავდაპირველად მეცნიერებმა პეპტიდის რამდენიმე სხვადასხვა ვარიანტი შექმნეს და თითოეული მათგანი შვიდი სხვადასხვა სახეობის ბაქტერიისა და ორი სხვადასხვა სახეობის სოკოს წინააღმდეგ გამოსცადეს. მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით მეცნიერებმა სცადეს გაერკვიათ, პეპტიდების რომელი სტრუქტურები და ქიმიური თავისებურებები იყო ყველაზე ეფექტური მიკრობების წინააღმდეგ.

ამ პრინციპით გადარჩეული პეპტიდები მეცნიერებმა ადამიანის უჯრედების მიმართ შეამოწმეს და შეიმუშავეს დოზა, რომელიც ბაქტერიებს კლავს, თუმცა ადამიანის უჯრედებს არაფერს უშავებს.

საბოლოოდ, პეპტიდები ცხოველებში, კერძოდ თაგვებში გამოსცადეს, რომლებიც ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ბაქტერიით, Pseudomonas Aeruginosa-თი იყვნენ დაინფიცირებულები. აღნიშნული ბაქტერია განსაკუთრებით საშიში იმუნოდაქვეითებული ადამიანებისთვის არის.

რამდენიმე ცდის შემდეგ მეცნიერებმა გამოაცალკევს ერთ-ერთი პეპტიდი, რომელიც ყველაზე ეფექტური იყო. ამ ანტიმიკრობულმა პეპტიდმა თაგვების ორგანიზმში არსებული რეზისტენტული ბაქტერიები სრულად გაანადგურა.

"ოთხი დღის შემდეგ, ახალმა ნივთიერებამ ინფექცია სრულად ჩაახშო და ეს ძალიან დიდი მიღწევაა. ანტიმიკრობული პეპტიდების გამოცდისას ასეთი შედეგები ძალიან იშვიათია", - აცხადებს დე ლა ფუენტე-ნუნეზი.

მეცნიერები ახლა ცდილობენ, რომ როგორმე პეპტიდები კიდევ უფრო ეფექტური გახადონ, რათა მკურნალობისას მისი მიღება მხოლოდ მცირე დოზით იყოს საჭირო.

მეცნიერებს ანტიმიკრობულ პეპტიდებზე დაყრდნობით ახალი მედიკამენტები აქამდეც შეუქმნიათ, რომლებიც ახლა ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ინფექციებისას გამოიყენება, თუმცა, აღსანიშნავია, რომ კლინიკურ ტესტებს ყველა ასეთი მედიკამენტი წარმატებით ვერ გადის.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ კრაზანების შხამიდან მიღებულ ანტიმიკრობულ პეპტიდებს კლინიკურ პრაქტიკაში ვერ ვიხილავთ, მეცნიერები აცხადებენ, რომ მათ მიერ შემუშავებული მეთოდები მომავალში სხვა ანტიმიკრობული პეპტიდების შესასწავლად და დასამუშავებლად ძალიან გამოსადეგი იქნება.

კვლევა ჟურნალ Communications Biology-ში გამოქვეყნდა.