როდესაც საქმე კბილების მოვლას ეხება, ინტერნეტსა და საზოგადოებაში უამრავი სხვადასხვა ინფორმაციაა გავრცელებული, რამაც შეიძლება ადვილად დაგაბნიოთ.

რამდენად აუცილებელია კბილების გასაწმენდად სპეციალური ძაფის გამოყენება? ყველამ უნდა იხმაროს თუ არა ენის სახეხი? რამდენი გრადუსით უნდა დავხაროთ კბილის ჯაგრისი, რათა ღრძილები არ დავიზიანოთ?

ამ კითხვებზე პასუხს ქვემოთ მოცემულ პუნქტებში იპოვით.

1. გახეხვის სიხშირე და მეთოდი

ფოტო: Shutterstock

სასურველია, რომ კბილები დღეში მინიმუმ ორჯერ გაიხეხოთ. უფრო კარგი იქნება, თუ კბილებს ლანჩის შემდეგაც გაიხეხავთ. თუმცა, გახეხვის სიხშირეზე არანაკლებ მნიშვნელოვანია გაწმენდვის სწორი ტექნიკა.

თუ თქვენ კბილებს ძალიან უხეშად გაიხეხავთ, ამით შესაძლებელია ღრძილები და კბილის ზედაპირიც კი დააზიანოთ. კბილების გახეხვისას წრიული და ვერტიკალური მოძრაობები საჭიროა, თუმცა, როდესაც ღრძილებთან ახლოს მივდივართ, უმჯობესია, რომ კბილის ჯაგრისი 45 გრადუსით გადავხაროთ და ის მსუბუქად ვამოძრაოთ. ასე, ჯაგრისის საწმენდი წვერები ღრძილებში ჩაჭედილ ნარჩენებს წვდება, თანაც ისე, რომ ღრძილები არ ზიანდება.

2. სწორი კბილის პასტა

ფოტო: Getty Im

თქვენ ალბათ უკვე იცით, რომ კბილის პასტების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინგრედიენტი ფთორია. კბილის პასტის ყიდვისას უნდა დარწმუნდეთ, რომ თქვენი შერჩეული ბრენდი ფთორს შეიცავს. მოზრდილთათვის განკუთვნილ კბილის პასტებში ფთორის მინიმალური შემცველობა 1400 პპმ (1 400 ერთეული მილიონზე) უნდა იყოს, ხოლო თუ თქვენ კარიესის განვითარების განსაკუთრებული რისკის ქვეშ იმყოფებით, შეგიძლიათ ფთორის უფრო მაღალი შემცველობის მქონე კბილის პასტაც შეიძინოთ.

კბილების დასაცავად ფთორი განსაკუთრებით ეფექტურია და ეს მრავალწლიანი გამოცდილებით არის დადასტურებული.

სხვა ინგრედიენტი, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ კალციუმის ფოსფატია, რომელიც კბილების ემალის აღდგენას უწყობს ხელს.

ასევე, ნუ ენდობით "მათეთრებელ" კბილის პასტებს, რადგან უმეტესი მათგანის მიღმა ძირითადად მხოლოდ მარკეტინგული კამპანია იმალება, რომლის მთავარი მიზანიც გაყიდვების გაზრდაა.

3. ადგილი პირის ღრუში, რომელიც ყველას ავიწყდება

ფოტო: Global Interdental Brush Market

როდესაც საქმე კბილების გახეხვას ეხება, მნიშვნელოვანია, რომ კბილი გარეთა, შიდა და ზედა მხარეს გავწმინდოთ, თუმცა არის კიდევ ერთი ადგილი, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ეს არის კბილებს შორის არსებული სივრცე. კარიესი და ღრძილების დაავადებები, როგორც წესი, სწორედ აქედან იღებს ხოლმე სათავეს.

ამ სივრცის გასაწმენდად ყველაზე კარგი იდეა ინტერდენტალური ჯაგრისის შეძენაა, რომელიც კბილებს შორის არსებულ ვიწრო სივრცეებში შესაღწევად არის შექმნილი. ამ პროცედურის ჩატარება დღეში ერთხელაც საკმარისია და ის დღის მხოლოდ ერთ წუთს წაგართმევთ.

კბილების გახეხვის შემდეგ არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ გაწმენდა თქვენს ენასაც სჭირდება. ის ბაქტერიები, რომლებიც კარიესსა და პირის ღრუს სხვა დაავადებებს იწვევენ, ხშირად ენაზეც სახლდებიან.

ენის გასაწმენდად, შეგიძლიათ სპეციალური კბილის ჯაგრისი, ან ენის საწმენდი გამოიყენოთ.

4. გახეხვის შემდეგ წყალი არ გამოივლიოთ

ფოტო: Andriy Popov

როგორც უკვე ვახსენეთ, კბილის პასტის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ინგრედიენტი ფთორია, რომელიც კბილის გარეთა გარსს ამაგრებს და მას მავნე მჟავებისგან იცავს. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ პირის ღრუდან მისი გამორეცხვა თქვენს ინტერესებში არ შედის.

ამ შეცდომას ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი უშვებს. პირის ღრუში დაგროვილი ზედმეტი კბილის პასტის მოშორება აუცილებელია, თუმცა ამისთვის წყლის გამოვლება საჭირო არ არის.

5. პირის ღრუს სავლებები არც ისეთი ეფექტურია, როგორც გგონიათ

ფოტო: Corbis

რეკლამების შედეგად, უამრავი ადამიანი ფიქრობს, რომ პირის ღრუში ფერადი სითხის რამდენიმე წამით გამოვლება ჩვენი კბილების მდგომარეობას ერთიორად გააუმჯობესებს. სამწუხაროდ, ეს რეალობას არ შეესაბამება. საქმე ისაა, რომ სავლებების უმეტესობა იმაზე ნაკლებ ფთორს შეიცავს, ვიდრე კბილის პასტები, რაც ნიშნავს იმას, რომ კბილების გახეხვის შემდეგ სავლების გამოვლება კარიესის განვითარების რისკს კი არ ამცირებს, არამედ ზრდის.

გარკვეულ შემთხვევებში სავლებები სასარგებლოა, მაგალითად, პირის ღრუს ოპერაციის შემდეგ, როდესაც უხეშმა ჯაგრისმა შესაძლოა ქსოვილების დაზიანება გამოიწვიოს. თუმცა, ის სავლებები, რომლებიც პირის ღრუში ბაქტერიების დახოცვას გვპირდებიან, კარგ ბაქტერიებსაც ისევე ანადგურებენ, როგორც ცუდებს, რაც საბოლოო ჯამში პირის ღრუს ჰიგიენაზე უარყოფითად აისახება.

6. ყველაზე მნიშვნელოვანი დრო კბილების გასახეხად

ფოტო: Simon and Schuster

კბილების გახეხვა ყველაზე მნიშვნელოვანი დაძინებამდეა. ძილისას ორგანიზმი ნაკლებ ნერწყვს გამოიმუშავებს, ხოლო ნარჩენები კი ამ დროს კბილებზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში რჩება.

ყველაზე ცუდი დრო კბილების გასახეხვად, ჭამის ან დალევის შემდეგაა. მჟავის შემცველი სასმელები თქვენი კბილის ემალს დროებით ასუსტებს, ამ დროს კბილების გახეხვამ კი შესაძლოა ისინი დააზიანოს და საბოლოოდ მათი გაყვითლებაც გამოიწვიოს. ასე რომ, ჭამის შემდეგ უმჯობესია, რომ ცოტა მოიცადოთ და ნერწყვს საშუალება მისცეთ, რომ პირის ღრუში არსებული მჟავები გაანეიტრალოს, ან ეს თავად გააკეოთ და, მაგალითად, წყალი დალიოთ.

პირის ღრუში არსებული მჟავების გასანეიტრალებლად უშაქრო საღეჭი რეზინის დაღეჭვაც დაგეხმარებათ, რომელიც ნერწყვის წარმოქმნას უწყობს ხელს.

ასევე, არ დაგავიწყდეთ, რომ კბილები სტომატოლოგთან ვიზიტამდეც უნდა გაიხეხოთ.