ბავშვებს, რომელსაც მშობლები ენდობიან და თბილად ეპყრობიან პოზიტიური ქცევები უვითარდებათ, ხშირად მიმართავენ მათ რჩევებისა და მხარდაჭერისთვის რთულ მდგომარეობაში ყოფნის დროს. ესაა UNICEF-ის კვლევის ერთ-ერთი მიგნება, რომელიც მოზარდების აღზრდის სტილის გავლენას შეეხება.

მოზარდების უმეტესობა აღნიშნავს, რომ მშობლები აკონტროლებენ, ნაცვლად იმისა, რომ გაუგონ და აპატიონ შეცდომები; მშობლები მოზარდებს, იმის მაგივრად რომ მოუსმინონ, უკითხავენ ლექციებს, აკრიტიკებენ და საჯაროდ უცხადებენ საყვედურს. შედეგად, მოზარდები მათ თავს არიდებენ.

"მე უფრო მეტად მეშინია დედის, ვიდრე მამის, თუმცა არცერთთან არ შემიძლია საუბარი"(ფოკუს ჯგუფი, 10-13 წლის ბიჭები).

"შეიძლება შეხვდე გოგოს და ვერ შეძლო მშობლისთვის ამის თქმა, რადგან უხერხულობას გრძნობ. მე არ მქონია ასეთი შემთხვევა. მე პირდაპირ მივდივარ მათთან და ვეუბნები. მე ვცდილობ, რომ არ დავმალო რაიმე, რადგან თანდათან ყველაფერი მჟღავნდება. თუ მე მათ პირდაპირ ვეტყვი, ისინი რჩევას მომცემენ" (ფოკუს ჯგუფი, 14-17 წლის ბიჭები, თბილისი, საქართველო).

კვლევის მიხედვით, სოციალური კონტროლის ძლიერი ტრადიციები გავლენას ახდენს მშობლობის აღზდის სტილსა და პრაქტიკაზე.

"სოციალური განკითხვის შიში დედებს ხელს უშლის სხვებთან თავიანთ სიძნელეებზე საუბარსა და მათგან რჩევისა და მხარდაჭერის მიღებაში. კულტურული თვალსაზრისით, სწორედ დედები არიან ძირითადი პასუხისმგებლები შვილის ქცევაზე და თუ შვილი ცუდად მოიქცევა, მაშინაც მათ ადანაშაულებენ. დედების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ისინიც და მათი მოზარდებიც, უნდა მიესადაგონ მიღებულ სოციალურ ნორმებსა და ღირებულებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განსჯის საგანი გახდებიან", — ვკითხულობთ კვლევაში.

ამავე კვლევის თანახმად, თუ ბავშვის უახლოეს გარემოცვაში არსებული ურთიერთობები იშლება და ამ დროს მოზარდს არ სთავაზობენ წამახალისებელ და მხარდამჭერ გარემოს, მას სათანადოდ არ განუვითარდება ახალი გარემოს შემეცნების და გამოწვევებთან გამკლავების უნარი. ასეთი ტიპის დანაკლისები, ხშირად ანტისოციალურ ქცევაში, დაბალ თვითშეფასებასა და გადაწყვეტილებების მიღებისთვის არასათანადო უნარებში გამოიხატება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიგნება "ძალაუფლებისთვის ბრძოლაა", როცა მოზარდი ცდილობს ავტონომიისა და დამოუკიდებლობის მოპოვებას. ამ დროს მოზარდთა ინდივიდუალობის გამომხატველი გრძნობები მეტად საშიში ხდება მშობლებისთვის და მათ აღზრდის ავტორიტარული სტილის გამოყენებისკენ უბიძგებს.

"ასეთი პროცესები ბუნებრივია, თუმცა მშობლებისთვის მაინც გამოწვევას წარმოადგენს და მათში ავტორიტეტის დაკარგვის შიშს ბადებს. რადგან შვილების ინდივიდუალურობისკენ სწრაფვას მშობლები "ძალაუფლებისთვის ბრძოლად" აღიქვამენ, ზედმეტ ძალაუფლებას იჩენენ და ხშირად მკაცრი და სადამსჯელო გზებით ცდილობენ მოზარდების დამორჩილებას", — ვკითხულობთ კვლევაში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, მშობლები, რომლებიც "ძალაუფლებისთვის ბრძოლას" მოზარდებისთვის ზრდასრულობისაკენ სვლის პერიოდში მეგზურობის შესაძლებლობად იყენებენ, მათთვის დაცვის, მზუნველობის და ემპათიის შეთავაზებით, ეხმარებიან შვილებს თავდაჯერებულობის, თვითშეგნების და საკუთარ შესაძლებლობებში რწმენის გაღვივებაში.