საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი დათმობაზე წავიდა და მოსახლეობას ქვეყანაში მინიმალური ხელფასის გაზრდასა და გადასახადების შემცირებას დაპირდა. მაკრონმა აღნიშნული განცხადება ქვეყანაში რამდენებიმეკვირიანი აქციისა და არეულობის შემდეგ გააკეთა. 2019 წლიდან მინიმალური ხელფასი 100 ევროთი გაიზრდება.

ტელევიზიით გამოსვლის დროს პრეზიდენტმა აღიარა, რომ აღშფოთებისა და უკმაყოფილების გრძნობა, რომელიც პროტესტის მონაწილეებს აქვთ, ხშირ შემთხვევაში სამართლიანია.

მან, ასევე, განაცხადა, რომ დაგეგმილი ცვლილება, დაბალშემოსვალიანი პენსიონერებისთვის გადასახადის გაზრდა და ზეგანაკვეთურის დაბეგვრა, აღარ იქნება. ხოლო დამქირავებლები სტიმულირებული იქნებიან იმისკენ, რომ წლის ბოლოს თანამშრომლებს პრემია გადაუხადონ, რომელიც ასევე არ დაიბეგრება. თუმცა მაკრონმა უარი თქვა გადასახადი გაეზარდა მდიდრებისთვის და აღნიშნა, რომ ეს ეკონომიკას შეასუსტებს მაშინ, როცა სამუშაო ადგილებია შესაქმნელი.

ე.წ. ყვითელჟილეტიანების პროტესტთან დაკავშირებით მაკრონი ხმამაღალი განცხადებების გაკეთებას ერიდებოდა, თუმცა სატელევიზო მიმართვაში მან აღნიშნა, რომ ბევრი საკუთარი ცხოვრების დონით უკმაყოფილოა.

"აღნიშნული სიტუაციის შექმნის გამო პასუხისმგებლობის ნაწილს საკუთარ თავზე ვიღებ. შეიძლება, მე ვქმნიდი შთაბეჭდილებას, რომ სხვა რამე მანაღვლებს, რომ სხვა პრიორიტეტები მაქვს. ვიცი, რომ ბევრ თქვენგანს ჩემი სიტყვები აწუხებს", — განაცხადა მაკრონმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ეკონომიკისა და სოციალურ სფეროებში საგანგებო სიტუაციები შეიქმნა და ამის გამოსასწორებლად რეგიონების მერებს შეხვდება.

რამდენიმე კვირაა მთელი საფრანგეთი, განსაკუთრებით კი პარიზი ე.წ. ყვითელჟილეტიანების აქციებმა მოიცვა. ისინი საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებდნენ და პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გადადგომას ითხოვდნენ.

2019 წელს კი საწვავზე ფასი კიდევ ერთხელ უნდა გაზრდილიყო, რამაც გააბრაზა ე.წ. ყვითელჟილეტიანები — ასეთი ჟილეტი საფრანგეთის ნებისმიერმა მძღოლმა მანქანაში უნდა იქონიოს.

საპროტესტო აქციებში ათი ათასობით ადამიანი იღებდა მონაწილეობას. დემონსტრანტები არბევდნენ პარიზის ქუჩებს, მაღაზიებსა და კულტურულ ძეგლებს, ცეცხლს უკიდებდნენ მანქანებსა და საბურავებს. ვანდალური დარბევის მსხვერპლი გახდა ტრიუმფალური თაღიც. პოლიცია დემონსტრანტების დასაშლელად იყენებდა ცრემლსადენ გაზსა და წყლის ჭავლს.

თავდაპირველად საფრანგეთის ხელისუფლება ამბობდა, რომ საწვავზე ფასის ზრდა აუცილებელი იყო, რადგან ეს ხელს შეუწყობდა ეკოლოგიურ მდგომარეობას და ფრანგები კერძო მანქანებიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადავიდოდნენ. თუმცა 6 დეკემბერს ხელისუფლებას დათმობაზე წასვლა მაინც მოუწია და თავის გეგმაზე უარი თქვა.