ქართველი მეცო-სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი მსოფლიოს გაოცებას აგრძელებს.

Bachtrack Opera Awards-ზე საუკეთესო ქალი მომღერლის ნომინაციაში გამარჯვების შემდეგ, ამჯერად ის The New York Times-მა დაასახელა კლასიკური მუსიკის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად.

"ეს ახალგაზრდა ქართველი მეცო-სოპრანო საოცრად გაბედული იყო "კარმენში" და მეტად შთამბეჭდავი "თავად იგორში", რომელიც მეტროპოლიტენ ოპერის ბოლოს სეზონზე შედგა. მაგრამ სრულიად მოულოდნელი იყო მისი გამოსვლა აზუჩენას როლში, ვერდის "ტრუბადურში", სადაც მან იმღერა საოცრად ელეგანტური ბელკანტოთი. მან პერსონაჟს დაუბრუნა სითბო, შიში და ექსპრესიულობა, რომელსაც ხშირად შეუძლია იყოს მხოლოდ ინერტული", - წერია სტატიაში.

ანიტა რაჭველიშვილს 2009 წლის 7 დეკემბერს დიდი წარმატება მოუტანალა სკალას სეზონის გახსნაზე შესრულებულმა მთვარმა როლმა ოპერა კარმენში. ამის შემდეგ რაჭველიშვილმა კარმენის პარტია ისეთი ოპერის სცენებზე შეასრულა, როგორებიცაა - მეტროპოლიტენის ოპერის თეატრი, ბერლინის Deutsche Opera, ბავარიის სახელმწიფო ოპერა, ბერლინის სახელმწიფო ოპერა, სიეტლის ოპერა, სან-ფრანცისკოს ოპერის თეატრი, ტურინის Teatro Regio, კანადის ოპერის თეატრი, Arena di Verona და სხვა.