მას შემდეგ, რაც Google+-დან მომხმარებლების პირადმა მონაცემებმა კიდევ ერთხელ გაჟონა, ტექგიგანტმა წარუმატებელი სოციალური ქსელის დახურვა დროზე ადრე გადაწყვიტა.

გუგლის მიხედვით, Google+ აგვისტოს ნაცვლად, 2019 წლის აპრილში გაუქმდება. მომხმარებლებს მასზე წვდომა მომავალი 90 დღე ექნებათ.

უსაფრთხოებაში ახალმა გარღვევამ 52,5 მილიონი მომხმარებელი დააზარალა. დეველოპერებისთვის ხელმისაწვდომი გახდა მათი სახელები, იმეილები, ასაკი და პროფესიები. იმის მიუხედავად, დახურული ჰქონდათ თუ არა Google+-ის პროფილი.

გუგლმა ოქტომბრის დასაწყისში განაცხადა, რომ სოციალური ქსელი Google+, რომელიც 2011 წელს გაეშვა და პოპულარობა დღემდე ვერ მოიპოვა, ინტერნეტსივრციდან მალე გაქრებოდა.

მომხმარებლებს პირადი ინფორმაციისა და საიტზე განთავსებული მასალის შესანახად დრო თავდაპირველად აგვისტომდე ჰქონდათ.

ოქტომბერში სოციალური ქსელის გაუქმების მიზეზად მისი არაპოპულარობა და საიტზე არსებული დეფექტი დასახელდა. ამ უკანასკნელის გამო, მომხმარებლების პერსონალური ინფორმაციის ნაწილი მოიპარეს.