მოზარდები ძალადობის შემსწრე ან მსხვერპლი ძირითადად ოჯახში, სკოლასა და უბანში ხდებიან, — ასეთია UNICEF-ის კვლევის ერთ-ერთი მიგნება, რომელიც მოზარდებში ძალადობის საკითხს შეეხება. შედეგების მიხედვით, გოგოებთან შედარებით ბიჭები უფრო ხშირად ხვდებიან ბულინგის სამიზნე.

"10-14 წლის ბიჭების თქმით, ბავშვები ერთმანეთის მიმართ ძალიან ხშირად ავლენენ აგრესიას სკოლაში, მათ შორის ხშირია დარტყმა, ჯაჯგური, ცემა და დაცინვა... მშობლები და მოზარდის ცხოვრებაში მყოფი სხვა უფროსები, გავლენას ახდენენ იმაზე, თუ როგორ ესმით, რეაგირებენ და უმკლავდებიან ძალადობის მომსწრე ან მსხვერპლი მოზარდები თავიანთ ემოციებს", — აღნიშნულია დოკუმენტში.

კვლევამ აჩვენა, რომ, როცა მშობლები ვერ ახერხებენ მოთმინებით და მხარდაჭერით უპასუხონ მოზარდების მიერ გაზიარებულ ამბებს ძალადობაზე, შვილები აღარ უზიარებენ მათ მსგავს გამოცდილებებს, რადგან დასჯის, იგნორირების, კრიტიკისა და ეჭვის გაჩენის ეშინიათ.

რამდენიმე ციტატა მოზარდების მიერ კვლევაში დასახელებული პრობლემებიდან:

  • "არ მოვუყვები, რადგან საბოლოოდ მე დამადანაშაულებენ. თუ ვინმემ რამე გითხრა, უნდა მოგეთმინაო, მეტყვიან, მე ასეთ რაღაცებს ვერ ვითმენ". (ფოკუს ჯგუფი, 10-13 წლის ბიჭები; სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი; თელავი, 29 ოქტომბერი 2017);
  • "რომ მოვუყვე, მეჩხუბებიან. ერთხელ კლასელმა დამარტყა და ვცემე, ცხვირში დამარტყა ისე, რომ გამისივდა, სახლში რომ მივედი, მე დამსაჯეს". (ფოკუს ჯგუფი, 10-13 წლის ბიჭები; სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი; თელავი, 29 ოქტომბერი 2017);
  • "ბიჭმა "ქუჩის აკადემია" უნდა გაიაროს და იცოდეს, რომ პოლიციაში არ უნდა დარეკოს". (ფოკუს ჯგუფი, მოზარდების მამები; ბათუმი, 22 ოქტომბერი 2017).