ჩინური მედიის ცნობით, 7 დეკემბერს ჩინურმა კოსმოსურმა სააგენტომ მისია Chang'e 4 გაუშვა, რომელიც მთვარის ბნელ მხარეს არსებულ კრატერში, Von Kármán-ში უძრავ ხომალდსა და თვითმავალ რობოტს დასვამს.

ხომალდი მთვარის ბნელ მხარეს დაჯდომას იანვარში შეეცდება. კრატერი Von Kármán მეცნიერთათვის განსაკუთრებული ინტერესის საგანია, რადგან ის მთვარეზე არსებულ ერთ-ერთ უძველეს დაბლობზე მდებარეობს, რომელიც სავარაუდოდ რამდენიმე მილიარდი წლის წინ გიგანტური შეჯახების შედეგად წარმოიქმნა. სტაციონარული ხომალდი რეგიონის გეოლოგიას - ქვებისა და მთვარის ზედაპირის შემადგენლობას შეისწავლის.

ორბიტალური თავისებურებების გამო, დედამიწიდან მთვარის მხოლოდ ერთი მხარე ჩანს. ამის მიზეზი ისაა, რომ მთვარე საკუთარი ღერძისა და დედამიწის გარშემო ერთი და იგივე სიჩქარით ბრუნავს.

მთვარის ორბიტა

მთვარის ორბიტა

ფოტო: MinuteEarth / Youtube

მიუხედავად სახელისა, მთვარის "ბნელი" მხარე რეალურად ბნელი სულაც არ არის, ის უბრალოდ ჩვენგან დამალულია. მთვარის ბნელი მხარე მზით ისევე ნათდება, როგორც მთვარის ჩვენთვის ხილული მხარე.

Chang'e-4 ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრის ისტორიის გარკვევაში დაგვეხმარება.

ხომალდი მთვარის ბნელ მხარეს რადიოსიხშირეების თვალსაზრისითაც შეისწავლის - ის დაადგენს, რამდენად "დაბინძურებულია" მთვარის ბნელი მხარე რადიოტალღებით. მთვარის ბნელ მხარეს რადიოტელესკოპების განთავსების იდეა დიდი ხანია არსებობს, ამის მიზეზი ისაა, რომ მთვარის ბნელი მხარე დედამიწაზე წარმოქმნილი რადიოსიხშირეებისგან თავისუფალია, ასეთი გარემო კი რადიოტელესკოპებისთვის ხელსაყრელია.

კარტოფილი მთვარეზე

სტაციონარულ ხომალდს მთვარის ზედაპირზე ბიოლოგიური ექსპერიმენტის ჩასატარებლად 3-კილოიანი კონტეინერი მიაქვს, რომელშიც კარტოფილი და პატარა ყვავილოვნი მცენარე (არაბიდოპსისი) იქნება მოთავსებული. "მთვარის მინიატურული ბიოსფეროს" ექსპერიმენტის შექმნაში 28 ჩინური უნივერსიტეტი მონაწილეობდა.

2013 წელს Chang'e-3-ის მისიის ფარგლებში მთვარეზე გაგზავნილი რობოტი

2013 წელს Chang'e-3-ის მისიის ფარგლებში მთვარეზე გაგზავნილი რობოტი

ფოტო: CNSA

"ჩვენ გვსურს შევისწავლოთ შეძლებენ თუ არა მცენარეების თესლები ასეთ გარემოში ჟანგბადის ათვისებასა და ფოტოსინთეზის პროცესის წარმართვას", - აცხადებს ჩუნცინის უნივერსიტეტის მკვლევარი და ბიოლოგიური ექსპერიმენტის მთავარი ხელმძღვანელი ლიუ ჰენლონგი.

"აუცილებელია, რომ კონტეინერში ტემპერატურა 1-დან 30 გრადუსამდე შევინარჩუნოთ, ასევე უნდა ვაკონტროლოთ ტენიანობა და საკვები ნივთერებების რაოდენობა. მცენარეების გასაზრდელად კონტეინერში მზის სინათლეა საჭირო, რომელსაც მცენარეებს სპეციალური ამრეკლავი მილის საშუალებით მივაწვდით", - აცხადებს ექსპერიმენტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

რადგან მთვარის ბნელი მხარიდან დედამიწასთან პირდაპირი კომუნიკაცია შეუძლებელია, რობოტიდან სიგნალის დედამიწისკენ გადამისამართება მთვარის ორბიტაზე არსებული თანამგზავრით მოხდება, რომელიც ჩინეთმა ამ წლის მაისში გაუშვა.

ხომალდის დიზაინი მის წინამორბედზე, Chang'e-3-ზეა დაფუძნებული, რომელიც მთვარეზე 2013 წელს დაეშვა.

ჩინეთის გეგმები

ხომალდზე რამდენიმე სხვადასხვა ტიპის ინსტრუმენტით არის აღჭურვილი. მასზე განთავსებულია პანორამული კამერა, ნიადაგის შემსწავლელი რადარი, მზიური ქარის სენსორი და სპექტრომეტრი, რომელიც მთვარის ბნელ მხარეს არსებულ რადიოხმაურს გაზომავს.

აღნიშნული მისია ჩინეთის კოსმოსური სააგენტოს მთვარის კვლევის პროგრამის ნაწილია. Chang'e-ს პირველი და მეორე მისია მთვარეს ორბიტიდან იკვლევდა, მესამე და მეოთხე მისიები კი დედამიწის თანამგზავრს ზედაპირიდან შეისწავლიან.

მისია Chang'e-5-სა და Chang'e-6-ის ფარგლებში ჩინეთი მთვარიდან ნიმუშების ჩამოტანას ეცდება.