საქართველოს ათი უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, წლის უფლებადამცველად სერიალ ჩემი ცოლის დაქალების სცენარისტი ქეთი დევდარიანი დასახელდა.

ქეთი დევდარიანს ჯილდო ოჯახში ძალადობის, შშმ პირების, უმცირესობების უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა.

დაჯილდოება ადამიანის უფლებათა საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში შედგა. ადამიანის უფლებების საუნივერსიტეტო კვირეულის ორგანიზატორებს შორის არიან: თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) და სხვები.

ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის მხარდამჭერები არიან: ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამა კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (EWMI/PROLoG) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)

ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული ყოველწლიურად დეკემბრის თვეში იმართება. მისი მიზანი სტუდენტებსა და ახალგაზრდებში ადამიანის უფლებების პრობლემური საკითხების შესახებ ცოდნის გავრცელება და უნივერსიტეტების თანამშრომლობის გზით ადამიანის უფლებების სამართლის შესახებ იდეათა და მოსაზრებათა აქტიური ურთიერთგაცვლაა.