Vali.Ge — ეს არის ვებგვერდი, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ გადაამოწმონ ე.წ. ვალების განულების პროგრამაში მონაწილეობენ თუ არა. მართალია, ვებგვერდი ქართუს სახელზეა რეგისტრირებული და პროექტსაც ის ახორციელებს, თუმცა ინფორმაციას პრემიერი, მამუკა ბახტაძე აჟღერებს.

ვებგვერდი დღეს, 10 დეკემბერს, 18 საათზე ამუშავდება და მასში თავდაპირველად მხოლოდ საქართველოს ბანკის, თიბისი ბანკისა და ლიბერთი ბანკის მსესხებლები იქნებიან ასახული.

"ფინანსურ ინსტიტუტებთან ხელშეკრულებების გაფორმების პროცესი გრძელდება. 15 დეკემბრიდან მიმდინარე წლის ბოლომდე მოხდება სხვადასხვა პერიოდულობით ჩვენი მოქალაქეების ამოღება შავი სიიდან და შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეების და ქართული ოჯახების დიდი ნაწილი ახალ წელს ამ მტკივნეული პრობლემის გარეშე შეხვდება", — აღნიშნა პრემიერმა.

საბანკო ვალის განულების ინიციატივა

19 ნოემბრის საგანგებო ბრიფინგზე პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ე.წ. შავ სიაში მყოფი 600 ათასი ადამიანისთვის ჯამში 1,5 მილიარდი ლარის ვალის განულებაზე ისაუბრა.

პირობები, რომელსაც ვალის ჩამოსაწერად პირი უნდა აკმაყოფილებდეს:

  • თითოეულ ფინანსურ კომპანიაში ვალის ძირი თანხის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 2 000 ლარს, თუმცა შესაძლოა, ჯამში 2 000 ლარზე გაცილებით მეტი იყოს;
  • მინიმუმ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ გადახდილა სესხის ნაწილი.

ვის არ ჩამოეწერება ვალი:

  • ვივუსის კლიენტებს. ფინანსთა მინისტრის თქმით, ამ კომპანიასთან ვერ შეთანხმდნენ;
  • ვისი ვალის ძირი თანხაც 2 000 ლარს აჭარბებს.

ბახტაძის ინფორმაციით, ე.წ. შავ სიაში მყოფილი ადამიანების 95 პროცენტს სწორედ 2 000 ლარამდე "ძირი თანხის" მქონე დავალიანება აქვთ.

ამავე თემაზე: