ქართული მარშისა და მათი მხარდამჭერების მიერ პიკეტირებულ იუსტიციის სახლში მხოლოდ იმ მოქალაქეებს უშვებენ, რომლებიც საბუთების წამოღებას აპირებენ. On.ge-ს ჟურნალისტმა შენობაში შევლა სცადა, თუმცა იქ მდგომმა დაცვის პოლიციამ არ განუმარტა რატომ არ აძლევდნენ შესვლის უფლებას.

როგორც იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურმა On.ge-ს უთხრა, შენობაში მხოლოდ მათ უშვებენ, ვისაც აქვთ ე.წ. სამახსოვრო ბარათები, რომელსაც მოქალაქე საბუთზე განაცხადის შეტანის შემთხვევაში იღებს. სხვა მომსახურების მიღებას მოქალაქეები ვერ შეძლებენ.

თბილისის იუსტიციის სახლთან ქსენოფობიური შინაარსის აქცია გრძელდება. ისინი უცხოელებზე მიწის რეგისტრაციას აპროტესსტებენ. აქციის მონაწილეები ეთნიკურად არაქართველ მოსახლეობას იუსტიციის სახლში შესვლას უზღუდავენ და სერვისებით სარგებლობის უფლებას არ აძლევენ. ისინი კანის ფერის მიხედვით წყვეტენ ვინ არის ქართველი და ვინ — არა.

მოქალაქეთა ეს ჯგუფი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან ეთნიკურად ირანელი და თურქი მოსახლეობის მიმართ. იყო შემთხვევა, როცა მათ ესპანური წარმოშობის პირი დადებითად მიიღეს, თუმცა, მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ ირანელი ცოლი ჰყავდა შესვლაზე უარი უთხრეს.

მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის სახლის მეორე შესასვლელი მოქალაქეებისთვის ღიაა, შესვლის პროცესი მაინც გართულებულია. პრობლემები ექმნებათ საქართველოს სხვა მოქალაქეებსაც, როგორც On.ge-ს იუსტიციის სახლთან მისულმა ერთ-ერთმა პირმა განუცხადა მას ბინიდან ასახლებდნენ და საბუთები აქვს მოსაწესრიგებელი. სპეციალურად ამ დღისთვის ის სამსახურიდან გაეთავისუფლა, თუმცა აქციის მონაწილეები მას შესვლის უფლებას არ აძლევენ.

On.ge ესაუბრა კიდევ ერთ პირს, რომელმაც სამსახურიდან რამდენიმესაათიანი შესვენება აიღო პირადობის მოწმობის დასამზადებლად, თუმცა იუსტიციის სახლში დროულად შესვლასა და საბუთების დატოვებას ვერ ახერხებს იმ კონტროლის გამო, რომელიც აქ აქციის მონაწილეებმა დააწესეს.