"სახელმწიფო ხშირ შემთხვევაში თავად გვევლინება სიძულვილის, განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანთა ჩაგვრისა და შეუწყნარებლობის წამქეზებლად", — ამის შესახებ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) მიერ მომზადებულ 2018 წლის მიმოხილვაშია ნათქვამი.

GDI წერს, რომ ბოლო პერიოდში მომძლავრებულია ქსენოფობიური განწყობები, ჰომოფობია, შავი ზღვის უნივერსიტეტის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები და სხვა.

ქორწინების უფლება

კონსტიტუციის ახალი რედაქციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქორწინება არის ქალისა და კაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით.

ამ ჩანაწერის გაკეთება კონსტიტუციაში ქართული ოცნების ერთ-ერთი ძირითადი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ცვლილებები, რომელიც შინაარსობრივად ქვეყნის უზენაესი კანონით უსპობს ლგბტქი პირთა უფლებების შესაძლო გაფართოებას, სამომავლოდ, ავტორების აზრით, გამართლებულია ქვეყანაში ჰომოფობიური განწყობების შესამცირებლად.

GDI-ის შეფასებით, ხელისუფლება უმცირესობათა უფლებების შეზღუდვის ხარჯზე ცდილობს პრობლემის მოგვარებას, რაც, მათივე აზრით, უკუშედეგის მომტანი იქნება.

ქორწინების განმარტების საკითხი არ დგას საზოგადოების დღის წესრიგში, ვინაიდან კანონმდებლობა ნათლად არეგულირებს სამოქალაქო ქორწინების სამართლებრივ ასპექტებს. GDI-ის განცხადებით, მსგავსი პოლიტიკური აქტივიზმი მხოლოდ და მხოლოდ ლგბტი თემის წარმომადგენელთა მარგინალიზაციას ემსახურება.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე საკუთრების უფლება

კონსტიტუციის ახალი რედაქციით განისაზღვრა, რომ ამგვარი მიწები უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საკუთრებაში მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება იყოს (რომელიც ორგანული კანონით დადგინდება).

GDI-ის შეფასებით, მიწაზე საკუთრებასთან დაკავშირებით უცხოელთა საკუთრების უფლება სათანადო მტკიცებულებებისა და საფუძვლის გარეშე მნიშვნელოვნად გაუარესდა:

"მიღებულმა გადაწყვეტილებამ ცხადყო საკონსტიტუციო სასამართლოს (მისი
გადაწყვეტილებების) მიმართ უპიატივცემულობა და პოლიტიკური თუ სამართლებრივი
კულტურის დაბალი დონე".

ქსენოფობია

ანგარიშშ ნათქვამია, რომ ბოლოს დროს შეინიშნება ქსენოფობიური განწყობების მზარდი ტენდენცია, რომელიც ვლინდება, როგორც სახელმწიფოს საიმიგრაციო პოლიტიკაში, ასევე პოლიტიკოსებისა თუ სხვა საჯარო პირების და მედიის მიერ ამ მიმართულებით სიძულვილის ენის გამოყენებასა და ტირაჟირებაში.

2018 წელს საქართველოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში დაფიქსირდა რასისტული და დისკრიმინაციული მოტივებით უცხოელთათვის საზღვროს კვეთაზე უარის თქმის არაერთი ფაქტი. აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია ინდოეთის, ნიგერიის და ახლო აღმოსავლეთისა თუ აფრიკის მოქალაქე პირებისათვის.

GDI-ის განცხადებით, რასისტული და ქსენოფობიური განწყობების გაღვივებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ რიგი პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები:

"გამორჩეული იყო წინასაარჩევნო კამპანიის დროს საპრეზიდენტო კანდიდატების, კახა კუკავას, შალვა ნათელაშვილის და სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები. ქსენოფობიური იდეებით გამოირჩეოდა საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 2018 წლის 31 ივლისს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში, ხოლო 2018 წლის 31 აგვისტოსა, პირველ და ცხრა სექტემბერს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე, ასევე 2018 წლის 4 და 18 ნოემბერს გაკეთებული განცხადებებიც. იგი ღარიბ ტურისტებზე საუბრისას ხაზს უსვამს მათ ეთნიკურ წარმომავლობას და აპელირებს იმაზე, რომ ასეთი ადამიანების ვიზიტი სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება. მისი ერთ-ერთი ბოლო განცხადება კი ანტისემიტისტურად შეფასდა".

2018 წლის განმავლობაში გამოვლინდა ფერადკანიანებზე თავდასხმის შემთხვევებიც. მათ შორის დაფიქსირდა 2018 წლის 30 ნოემბერს რუსთავში ფერადკანიანი პირის ფიზიკური შეურაცხყოფის და 8 აპრილს ბელიაშვილის ქუჩაზე ფერადკანიან სტუდენტებზე თავდასხმის ფაქტები.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საქმე

IBSU-სთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებების უფლებების დარღვევის ტენდენციის გაგრძელებაა, ხოლო შემოსავლების სამსახური უცხოური ინვესტიციის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას ავლენს და იგი ხელისუფლების მხრიდან მეზობელ ქვეყანასთან პოლიტიკური ურთიერთობის დასალაგებელ ინსტრუმენტად გამოიყენება.

აგრესია ჰომოფობიურ ნიადაგზე

2018 წელს საზოგადოებაში კვლავ მწვავე პრობლემად დგას განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანების და მათი მხარდამჭერების მიმღებლობა.

ოქტომბერში გურამ კაშიას მიერ, საფეხბურთო მატჩის დროს, ლგბტ სიმბოლიკის ამსახველი სამკლაურის გაკეთებას, საზოგადოებისა და ექსტრემისტული დაჯგუფებებისა, თუ რიგი პოლიტიკური პარტიების მხრიდან აგრესიის შემცველი ჰომოფობიური განცხადებები და ქმედებები მოჰყვა.

2018 წლის 22 აგვისტოს UEFA-მ დააწესა ახალი ჯილდო #EqualGame, რომელიც, პირველად გურამ კაშიას გადაეცა ლგბტ პირთა მიმართ გამოხატული სოლიდარობისთვის. აღნიშნულმა ჟესტმა კი აგრესიის ახალ ტალღას მისცა ბიძგი. განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ ქართული მარშის წევრები, რომლებიც დაიმუქრნენ, რომ 2018 წლის 9 სექტემბერს, დინამოს სტადიონზე, საქართველოსა და ლატვიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის გასამართ მატჩზე ლგბტ სიმბოლიკის შეტანას არ დაუშვებდნენ.

სამართალდამცავებმა თავადვე დააწესეს ცენზურა ლგბტ სიმბოლიკაზე, მატჩზე მისულ მხარდამჭერებს ძალის გამოყენებით ჩამოართვეს ამგვარი ნივთები და სტადიონზე შეტანის საშუალება არ მისცეს. GDI-ის შეფასებით, ქმედება ცალსახად ახალისებს ნეოფაშისტური დაჯგუფებების ძალადობრივ საქმიანობას საქართველოში.