საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურის გამო მადლობას უხდის. ამის შესახებ კვირიკაშვილმა ფეისბუქზე დაწერა.

"ჩვენ ხშირად გვქონია განსხვავებული პოზიციები და მოსაზრებები, თუმცა ამას არასოდეს შეუშლია ხელი, რომ გვეთანამშრომლა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების ირგვლივ ერთიანი პოზიციების შესამუშავებლად. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვერ ვაღწევდით შეთანხმებას, ამ პროცესში მუდმივად მქონდა განცდა, რომ ინსტიტუციური თანამშრომლობის დადებითი გამოცდილების შექმნის სურვილი იყო ორმხრივი და სახელმწიფო ინტერესის დაცვა იყო ჩვენი საერთო პრიორიტეტი", — აღნიშნავს კვირიკაშვილი.

პრემიერის თანამდებობის დატოვების შემდეგ გიორგი კვირიკაშვილი ფეისბუზე აღარ აქტიურობს. ამ დრომდე მას სულ ორი პოსტი აქვს დადებული. ერთ-ერთი 7 ნოემბერს დადო.

გიორგი კვირიკაშვილი 2018 წლის 13 ივნისს გადადგა და ამის მიზეზად პარტიის ლიდერთან ეკონომიკურ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. მისი ადგილი იმ დროს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დაიკავა.

5 ივლისს კვირიკაშვილმა პარტია ქართული ოცნებაც დატოვა. ჟურნალისტებთან საუბრის დროს ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ გიორგი კვირიკაშვილმა პარტია საკუთარი სურვილით განცხადების საფუძველზე დატოვა.