სომხეთის ისტორიაში პირველად ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, რომელზეც ამომრჩეველთა საერთო აქტივობა 48,63% იყო. რეგისტრირებული 2 592 486 ამომრჩევლიდან არჩევნებზე 1 260 840 მივიდა.

რადიო თავისუფლების სომხური ბიუროს ინფორმაციით, 2017 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ამომრჩეველთა აქტივობა 60%-ზე მეტი იყო.

არჩევნებში მონაწილეობას 9 პოლიტიკური პარტია და 2 ალიანსი იღებს. არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 2 573 779 ამომრჩეველი. სომხეთი პარლამენტს 5 წლის ვადით ირჩევს

რატომ დაინიშნა სომხეთში ვადამდელი არჩევნები?

რამდენიმეთვიან საპროტესტო აქციებს, რომელსაც ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ პაშინიანი პრემიერის გაადგომის მოთხოვნით მართავდა ხავერდოვანი რევოლუცია დაერქვა. პროტესტმა სომხეთში შედეგი გამოიღო და პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი თანამდებობიდან ნებაყოფლობით გადადგა. კონსტიტუციის თანახმად მასთან ერთად გადადგა მთავრობაც.

მიმდინარე წლის მაისში პრემერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ ნიკოლ პაშინიანი ხშირად ამბობდა, რომ ქვეყანას პოლიტიკური სტაბილურობისთვის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სჭირდება. ამიტომ, ტაქტიკური მიზეზების გამო ის 16 ოქტომბერს გადადგა.

პაშინიანის გეგმის მიხედვით, პარლამენტმა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში პრემიერი ორივე ჯერზე ვერ აირჩია, რის გამოც, კონსტიტუციის მიხედვით, სომხეთის ეროვნული კრება დაშლილად გამოცხადდა და ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა. პაშინიანს სხვა ფრაქციებთან შეთანხმებული ჰქონდა, რომ არც ერთი არ წარადგენდა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს.

ცარუკიანისა და დაშნაკცუტიუნის ფრაქციებმა კენჭისყრის წინ განაცხადეს, რომ მონაწილეობას არ მიიღებდნენ. სომხეთის ყოფილი პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის, სერჟ სარგსიანის რესპუბლიკურმა პარტიამ განაცხადა, რომ პაშინიანის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერენ. ელკმა კი ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

აპრილის ხავერდოვანი რევოლუციისა და სარგსიანის გადადგომის შემდეგ რესპუბლიკურმა პარტიამ, ფაქტობრივად, პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა. პარტიის ლიდერების განცხადებით, ისინი არიან ერთადერთი და რეალური ძალა, რომ მთავრობის მთავარი ოპოზიცია გახდნენ. ამიტომ პარტია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას იღებს.