საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას წინასაარჩევნო პროცესები მიმოიხილა. პატრიარქის თქმით, არჩევნები გამოცდა იყო და ქართველმა ერმა ამ პერიოდში ბევრი უარყოფითი მხარე გამოავლინა. პატრიარქმა მოუწოდა მთავრობის წარმომადგენლებსა და ოპოზიციას ერთმანეთის სიყვარულისკენ და სთხოვა ერთმანეთს შეურაცხყოფა არ მიაყენონ.

"დარმუწნებული ვარ, ჩვენი ერი არ დაეცემა ისე, რომ შური იძიოს ან ცუდი გაუკეთოს ერთამენთს. ისევ სიკეთე, ისევ სიყვარული, ისევ სიმშვიდე უნდა სუფევდეს ჩვენში", — განაცხადა ილია მეორემ.

პატრიარქმა განაცხადა ისიც, რომ სალომე ზურაბიშვილმა არჩევნებზე გაიმარჯვა და მას ხმები არ მოუპარავს. მან აღნიშნა, რომ პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაცია მნიშვნელოვანი მოვლენაა.

გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. 2 დეკემბერს ოპოზიციამ აქცია გამართა, სადაც განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილი მათი პრეზიდენტი არ არის. ვაშაძემ აქციის მონაწილეებს მოთხოვნები წარუდგინა: ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, საარჩევნო სისტემის ძირეული ცვლილება, საოლქო კომისიების გაუქმება და საჯარო მოხელეების საარჩევნო პროცესში ჩართულობის აკრძალვა.

ოპოზიციამ ხელისუფლებას 16 დეკემბრამდე, ინაუგურაციამდე მისცა დრო. პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ოპოზიციას ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნაზე უპასუხა და მოუწოდა, რომ "ნუ გაიქაჩებიან იმაზე, რისი რესურსიც არა აქვთ".