1976 წელს ნასას რობოტმა Viking 1-მა მარსის ზედაპირის პირველი ფოტოები გადაიღო. ოთხი ათწლეულის შემდეგ კი კოსმოსურმა სააგენტომ მარსის ზედაპირზე არსებული ხმოვანი ბგერების ჩაწერა პირველად შეძლო.

აუდიოჩანაწერში ისმის, თუ როგორ ქრის ქარი რობოტ InSight-ის გარშემო, რომელიც მარსზე 26 ნოემბერს დაეშვა.

"ხმოვანი ბგერების ჩაწერა დაგეგმილი არ იყო, თუმცა, რობოტ InSight-ის ერთ-ერთი მისია მარსზე ვიბრაციების დაფიქსირებაა, ამაში კი, ბუნებრივია, ხმოვანი ბგერების მიერ გამოწვეული ვიბრაციებიც შედის", - აცხადებს ნასას რეაქტიული ძრავის ლაბორატორიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ბრიუს ბენა.

მეცნიერების გამოთვლებით, აღნიშნული დაბალი სიხშირის ბგერები მარსის ზედაპირზე არსებული ქარით არის გამოწვეული, რომლის სიჩქარეც საათში დაახლოებით 20-25 კილომეტრია.

ვიდეოში ხმოვანი ჩანაწერი 35-ე წამიდან ისმის, თუმცა, მისი აღქმა ლეპტოპის სუსტი დინამიკებით შეიძლება გაგიჭირდეთ, 58-ე წამიდან კი ლეპტოპებისა და სმარტფონებისათვის ადაპტირებულ ვერსიასაც მოუსმენთ, რომლის გაგებასაც ყურსასმენების გარეშეც ადვილად შეძლებთ.

"სხვა პლანეტაზე ჩაწერილი პირველი ხმოვანი სიგნალის მოსმენის შესაძლებლობა დიდი პრივილეგიაა. ჩვენი გუნდი საუკეთესო მეცნიერებით არის დაკომპლექტებული, რისი საშუალებითაც დაუჯერებელ აღმოჩენებს ვაკეთებთ", - აცხადებს ნასას ადმინისტრატორი ჯიმ ბრიდენსტინი.

ხმები მარსზე

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც NASA-მ მარსზე ხმოვანი სიგნალების დაფიქსირება ცადა. NASA-ს მიერ გაშვებული რობოტი Mars Polar Lander მიკროფონით იყო აღჭურვილი, თუმცა ძრავების გაუმართაობის გამო ის 1999 წელს პლანეტის ზედაპირს დიდი სიჩქარით შეეჯახა. მიკროფონით იყო აღჭურვილი Mars Phoenix Lander-იც, რომელიც მარსზე 2008 წელს დაეშვა, თუმცა ტექნიკური გაუმართაობის გამო ნასამ რობოტის მიკროფონი და კამერა ვერ გაააქტიურა.

ნასა მარსის ზედაპირზე ხმოვანი სიგნალების ჩაწერას მისი შემდეგი მისიის, Mars 2020-ის ფარგლებშიც გეგმავს. აღნიშნული ხომალდი ორი მიკროფონით იქნება აღჭურვილი, რომლებიც გარემოში არსებული ბუნებრივი ხმების გარდა, იმ ვიბრაციებსაც ჩაწერენ, რომლებიც რობოტზე დამონტაჟებული ლაზერით მარსის ზედაპირის დამუშავებისას წარმოიქმნება. აღნიშნული ჩანაწერით მეცნიერები მარსზე არსებული ქვების შემადგენლობის უკეთ განსაზღვრას შეძლებენ.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიკროფონები მეცნიერებს მარსზე კიდევ ერთ "გრძნობის ორგანოს" აძლევს, რაც ნამდვილად საჭირო რამაა.