საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტანმა, გურამ კაშიამ თანასწორობისთვის კიდევ ერთი ჯილდო მიიღო. ლგბტქ ადამიანების გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის ორგანიზაცია თანასწორობის მოძრაობამ კაშიას თანასწორობის ჯილდო დღეს, 7 დეკემბერს გადასცა.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, "თანასწორობის გალა" არის მადლიერების აქტი იმ მხარდამჭერისთვის, რომელსაც განსაკუთრებული გავლენა აქვს საზოგადოებაში ლგბტქ ადამიანების მიმართ არსებული დამოკიდებულებების შეცვლაზე.

"გურამ კაშია ფეხბურთში და ზოგადად სპორტის სფეროში პირველი ადამიანია ვინც სოლიდარობა გამოუცხადა ლგბტ თემს და ხელი შეუწყო დიდი მედიაკამპანიის წარმოებას თანასწორობის საკითხების ირგვლივ, რის გამოც გახდა კიდეც აგრესიის მსხვერპლი", - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

კაშიასთან ერთად ორგანიზაციამ კიდევ 11 ადამიანს გადასცა ჯილდო. ყველა გამარჯვებული თემის წევრებისა და 6 ორგანიზაციის ხმის მიცემის საფუძველზე შეირჩა.

დაჯილდოვებულებს შორის არიან, პოლიტიკოსი, სასულიერო პირი, ექიმები, სპორტსმენი, აკადემიის წარმომადგენელი, შიდსის აქტივისტი, ჟურნალისტი, მწერალი, ხელოვანი, ბიზნესი, პოლიციელი.

2017 წლის ოქტომბერში, კაშიამ მატჩისას ხელზე ლგბტ დროშის ფერებში სამკლაური გაიკეთა, რაც ცნობიერების ამაღლების კამპანიის ნაწილი იყო. მისი ფოტოს გამოჩენამ, ქართველი მომხმარებლების ნაწილი გააღიზიანა. კაშიამ განაცხადა, რომ ძალადობის წინააღმდეგია და არ ნანობს რაც გააკეთა.

UEFA-მ გურამ კაშიას ლგბტ თემის მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის დააჯილდოვა. #EqualGame უეფას ახალი ჯილდოა, რომელიც პირველად ქართველ ფეხბურთელს გადაეცა.

მოგვიანებით, ონლაინ ბულინგის გამო ფეხბურთელმა ფეისბუქის ვერიფიცირებული გვერდი გააუქმა და ინსტაგრამის ანგარიში დახურა. სოციალური ქსელის მომხმარებლები მის მხარდაჭერად გაერთიანდნენ და კამპანია #გურამშენთანვარ დაიწყეს. კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადა ფეხბურთის ფედერაციამ, თანაგუნდელებმა, ომგუდმსმენმა პოლიტიკოსებმა, ჟურნალისტებმა და სხვადასხვა აქტივისტებმა.