თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გუშინ, 6 დეკემბერს განრიდების პროგრამაში ჩართეს არასრულწლოვანი, რომელმაც გეი აქტივისტს, ნიქო გორგილაძეს 17 მაისს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიაწოდეს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ მათი მოთხოვნა პატიმრობა იყო, თუმცა სასამართლომ არ გაითვალისწინა და ბრალდებული განრიდების პროგრამაში ჩართეს.

საქართველოს კანონმდებლობით, განრიდებისთვის აუცილებელია შესრულდეს ყველა ეს პირობა:

  • ჩადენილია ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული, ე.ი. ისეთი დანაშაული, რომლისთვისაც გათვალისწინებული სასჯელი არ აღემატება 10 წლით თავისუფლების აღკვეთას;
  • არასრულწლოვანი არ არის ნასამართლევი;
  • არასრულწლოვანს ადრე არ აქვს მონაწილეობა მიღებული განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში;
  • არასრულწლოვანი აღიარებს დანაშაულს;
  • პროკურორის შინაგანი რწმენითა და არასრულწლოვნის ჭეშმარიტი ინტერესების გათვალისწინებით, არ არსებობს მისი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის საჯარო ინტერესი.

17 მაისს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს ლგბტ აქტივისტები მთავრობის ადმინისტრაციასთან იყვნენ შეკრებილი. ნიქო გორგილაძის სიტყვით გამოსვლის დროს 15 წლის პირმა პოლიციის კორდონი გაარღვია, აქტივისტს თავს დაესხა და სცემა. პოლიციამ ის ადგილზევე დააკავა.

მიმდინარე წლის ოქტომბერს თავდამსხმელს ბრალი წაუყენეს და აღკვეთის ღონისძიების სახით მას შეეფარდა მშობლის მეთვალყურეობაში გადაცემა.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. თუმცა, მოგვიანებით საქმე გადაკვალიფიცირდა და არასრულწლოვანს ბრალი სსკ-ს 156-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას, ჩადენილს ძალადობით ან ძალადობის მუქარით. ამ მუხლით დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.