გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია მისი ოპონენტის, გრიგოლ ვაშაძის გარეშე ჩაივლის.

"ჩვენ არ ვაღიარებთ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად. ის არის არალეგიტიმური პრეზიდენტი ქვეყნის, შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ ეს ინაუგურაცია გრიგოლ ვაშაძის გარეშე ჩაივლის", — განუცხადა მან რუსთავი 2-ს.

6 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ინაუგურაციაზე დამარცხებულ კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს მიიწვევს, იმ შემთხვევაში, თუ მას პრეზიდენტად აღიარებს.

თავდაპირველად, ჟურნალისტების კითხვაზე ვაშაძის მიწვევის შესახებ ზურაბიშვილმა თქვა, რომ ამ საკითხზე დაფიქრება სჭირდებოდა. თუმცა, მალევე აღნიშნა, რომ კონკურენტის მხრიდან მისი გამარჯვების აღიარების შემთხვევაში მზად არის ინაუგურაციაზე მიიწვიოს.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამარცხებული გრიგოლ ვაშაძე და გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებს არ აღიარებენ. მათი პოზიციით, არჩევნებზე გაყალბების უპრეცედენტო მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ოპოზიცია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასა და საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ითხოვს. ვაშაძემ მმართველ ძალას სამუშაო ჯგუფის შექმნისკენაც მოუწოდა, თუმცა ხელისუფლებამ მისი შეთავაზება არ მიიღო. ოპოზიციამ ხელისუფლებას ვადა 16 დეკემბრამდე, ანუ ინაუგურაციამდე მისცა. სწორედ ამ დღეს დააანონსეს მათ მორიგი აქციაც.