Forbes-მა რამდენიმე დღის წინ ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე იუთუბერები დაასახელა და რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, სიის პირველ ადგილზე შვიდი წლის რაიანია, რომელიც იუთუბზე სათამაშოების ვიდეოებს დებს.

რაიანს იუთუბის საკუთარ არხზე ამჟამად 17 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. მას ვიდეოების შექმნაში მისი ოჯახი ეხმარება, რაიანის გვარი და მისი საცხოვრებელი ადგილი ცნობილი არ არის, რაც გასაკვირი არაა, რადგან ის ვიდეოებში 3 წლიდან მონაწილეობს.

ბოლო 12 თვის განმავლობაში რაიანის იუთუბის არხის შემოსავალი დაახლოებით 22 მილიონი ამერიკული დოლარი იყო, რომლიდანაც 21 მილიონი მისი ვიდეოების დაწყებამდე ნაჩვენები რეკლამებით არის გამომუშავებული.

რაიანის წარმატების ერთ-ერთი საიდუმლო სავარაუდოდ ის არის, რომ მისი მაყურებლები პატარა ასაკის ბავშვები არიან, რის გამოც ნაკლები შანსია, რომ მათ ვიდეოებამდე ჩართული რეკლამები გამოტოვონ, რაც მის შემოსავალს ზრდის.

შარშან რაიანის წლიური შემოსავალი დაახლოებით 11 მილიონი დოლარი იყო, მას ამ თანხის გასაორმაგებლად სულ რაღაც ერთი წელი დასჭირდა.

ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა, კიდევ გაიზრდება თუ არა პატარა იუთუბერის შემოსავალი მომდევნო წელს.

ამ კითხვაზე პასუხი სავარაუდოდ დადებითია. რაიანის პირადმა მენეჯერმა, მის ოჯახთან ერთად რამდენიმე სხვადასხვა კომპანიასთან ხელშეკრულებები გააფორმა, რომელიც ოჯახს დამატებით შემოსავალს მოუტანს. მომდევნო წელს რაიანი Amazon-სა და Walmart-ში საკუთარი სათამაშოების გაყიდვას დაიწყებს.

ამჟამად რაიანი შემოსავლით ისეთ ცნობილ იუთუბერებსაც ასწრებს, როგორებიც არიან ლოგან პოლი, PewDiePie და სხვები.

რადგანაც რაიანი სრულწლოვანი არ არის, კანონმდებლობის შესაბამისად, მისი შემოსავლის 15% ბანკში მისთვის შექმნილ უსაფრთხო ანგარიშზე ირიცხება, რომელზეც წვდომას ის მაშინ შეძლებს, როცა სრულწლოვანი გახდება.

მრავალი იუთუბერისთვის ვიდეოების კეთება ყოველდღიური სამსახურია, რომლითაც ისინი იმაზე მეტ შემოსავალს იღებენ, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ.

მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ რაიანის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ვიდეოს უყუროთ რომელსაც 935 მილიონ ნახვაზე მეტი აქვს.