2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში რამდენიმე ათეული მომღერალი მონაწილეობდა. მეორე ტურის წინ მათ მიერ ჩატარებულ კონცერტებზე თავად საპრეზიდენტო კანდიდატიც აღარ ჩანდა და მათ უწევდათ მხარდამჭერი მოწოდებების გაჟღერება.

პირველი ტურის მსგავსად, ახლაც, მომღერლებმა და კონცერტების წამყვანებმა 600 ლარამდე ანაზრაურება მიიღეს.

მომღერლებს შორის კვლავ მოხვდა აჭარის ტელევიზიის ყოფილი წამყვანი და ახლა უკვე ბათუმის მერის მოადგილე სოფო ხალვაში. ის On.ge-სთან საუბრისას ახლაც ამბობს, რომ ჰონორარზე არ შეთანხმებულა. მისი თქმით, საქართველოს საარჩევნო კოდექსით, უანგაროდ კამპანიაში მონაწილეობა არ შეიძლება და ეს თანხაც ამიტომ დაერიცხა.

ხალვაშის მსგავსად 500 ლარიანი ჰონორარები აიღეს: სალომე ბაკურაძემ, ნინო ქარსელაძემ, თეიმურ თათარაშვილმა, თიკა ჯამბურიამ, აჩი მეფარიძემ, ცისანა და ჯემალ სეფიაშვილებმა და ა.შ. საღამოებს აჩი ფურცელაძე და სალომე გოგიაშვილი უძღვებოდნენ, მათი ჰონორარი 600-600 ლარით განისაზღვრა.