თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დემოკრატიული მოძრაობის წევრს, ბესიკ დანელიას ლგბტ აქტივისტის, ლევან ბერიანიძის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ერთი ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა. მან ტელეკომპანია კავკასიის ეთერში ლგბტ აქტივისტს "პიდარასტი" უწოდა.

On.ge-სთან საუბრისას ბესიკ დანელია მოსამართლის გადაწყვეტილებას "ღირსეულს" უწოდებს და ამბობს, რომ დანაშაული არ ჩაუდენია.

"სასამართლომ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, პიდარასტების მორალი შეფასდა ერთ ლარად... მან ამ გადაწყვეტილებით ყველაფერი ნათლად უთხრა ლევან ბერიანიძესაც და ამ იდენტობასაც და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ცდილობს, რომ თითიდან გამოწოვილი ბრალდებებით ცდილობენ შექმნან პრეცენდენტები ვითომ ისინი იჩაგრებიან", — ამბობს დანელია.

თავად ლევან ბერიანიძე ფეისბუზე წერს, რომ სასამართლოს მსგავსი გადაწყვეტილებები ლგბტ ჯგუფის წევრებს უბიძგებს თავიანთი უფლებების დასაცავად არ იბრძოლონ.

"ლგბტ ადამიანების საჯაროდ შეურაცხყოფა ერთი ლარი ღირს. და მერე გაგვიკვირდება რატომ გარბის ლგბტ თემი საქართველოდან და რატომ არ მიმართავენ სამართალდამცავ ორგანოებს?!" — ამბობს ბერიანიძე.