ლუქსემბურგი გახდება პირველი ქვეყანა, სადაც ნებისმიერი სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო იქნება. მატარებელზე, ავტობუსსა და ტრამვაიზე ტარიფი 2019 წლის ზაფხულიდან მოიხსნება. მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება გარემოს დაცვას დაუკავშირა.

მთავრობამ ქვეყანაში სატრანსპორტო პოლიტიკა პრიორიტეტად დაასახელა. მიმდინარე წლის ზაფხულში ბავშვებისა და 20 წლამდე პირებისთვის საოზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდა.

ახალი რეგულაცია შემოიღო ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ქსავიერ ბეტელმა, რომელიც არჩევნების შემდეგ 5 დეკემბერს პრემიერად მეორე ვადით აირჩიეს. არჩევნებში ბეტელის დემოკრატიულმა პარტიამ გაიმარჯვა, რომელმაც მემარცხენე სოციალისტურ მუშათა და მწვანეების პარტიებთან ერთად კოალიციური მთავრობა უნდა შემქნას.

ტრანსპორტზე ტარიფის გაუქმების პარალელურად, მთავრობა კანაფის ლეგალიზაციასა და ორი ახალი სახელმწიფო დღესასწაულის შემოღებაზე ფიქრობს.

The Guardian წერს, რომ ქალაქ ლუქსემბურგში მსოფლიოში ყველაზე საშინელი საცობებია. ქალაქში 110 ათასი ადამიანი ცხოვრობს, თუმცა დამატებით 400 ათასი მუშაობს. კვლევების მიხევდით, 2016 წელს მძღოლებმა საცობში ყოფნისას 33 საათი დაკარგეს.

თვითონ ქვეყანაში 600 ათასი ადამიანი ცხოვრობს, თუმცა ყოველდღიურად საფრანგეთიდან, გერმანიიდან და ბელგიიდან სამუშაოდ 200 ათასი ადამიანი ჩადის.