ე.წ. ყვითელჟილეტიანების რამდენიმეკვირიანი აქციის შემდეგ საფრანგეთის მთავრობამ საწვავზე ფასის მომატება გადაიფიქრა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ედუარდ ფილიპმა ამის შესახებ მორატორიუმის გამოცხადებიდან მეორე დღეს განაცხადა.

"მთავრობა მზადაა დიალოგისთვის და ის ამას აჩვენებს, რადგან გადასახადების ზრდა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტიდან ამოვიღეთ", — განაცხადა ფილიპმა.

სანამ მთავრობა უკან საბოლოოდ დაიხევდა, 5 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ექვსთვიანი მორატორიუმი გაფორმდებოდა და საწვავის ზრდა დროებით მაინც შეჩერდებოდა.

"არც ერთი გადასახადი არ ღირს იმათ, რომ ერის ერთიანობას საფრთხე შეექმნას", — აღნიშნა პრეემიერ-მინისტრმა.

ორ კვირაზე მეტია მთელი საფრანგეთი, განსაკუთრებით კი პარიზი ე.წ. ყვითელჟილეტიანების აქციებმა მოიცვა. ისინი საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებდნენ და პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გადადგომას ითხოვდნენ.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში საფრანგეთში დიზელის საწვავის ფასი 23 პროცენტით გაიზარდა. ფასის ზრდა თავის მხრივ დაკავშირებულია ბენზინსა და დიზელზე გადასახადების ზრდით, რომელიც მაკრონმა შემოიღო.

2019 წელს კი საწვავზე ფასი კიდევ ერთხელ უნდა გაზრდილიყო, რამაც გააბრაზა ე.წ. ყვითელჟილეტიანები — ასეთი ჟილეტი საფრანგეთის ნებისმიერმა მძღოლმა მანქანაში უნდა იქონიოს.

საპროტესტო აქციებში ათი ათასობით ადამიანი იღებდა მონაწილეობას. დემონსტრანტები არბევდნენ პარიზის ქუჩებს, მაღაზიებსა და კულტურულ ძეგლებს, ცეცხლს უკიდებდნენ მანქანებსა და საბურავებს. ვანდალური დარბევის მსხვერპლი გახდა ტრიუმფალური თაღიც.

პოლიცია დემონსტრანტების დასაშლელად იყენებდა ცრემლსადენ გაზსა და წყლის ჭავლს. ბოლო მასშტაბური აქციის დროს, პირველ 1-2 დეკემბერს დაშავდა 133 ადამიანი, მათ შორის 23 პოლიციელი, ხოლო 350-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.