ავსტრალიელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს ახალი ტესტი, რომელსაც ორგანიზმში კიბოს უჯრედების კვალის აღმოჩენა სწრაფად, მარტივად და იაფად შეუძლია.

ახალი ტესტი სისხლში, ქსოვილსა ან სხეულიდან გამოყოფილ სხვა სითხეში კიბოს უჯრედებისთვის დამახასიათებელ დნმ-ს პოულობს. ტესტი ავსტრალიის ქუინსლენდის უნივერსიტეტის ბიოინჟინერიისა და ნანოტექნოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარებმა შეიმუშავეს.

სიმსივნური უჯრედების აქამდე უცნობი კანონზომიერება

"იმის გამო, რომ კიბო ძალიან მრავალფეროვანი და რთული დაავადებაა, ძნელია იპოვო უნივერსალური ნიშანი, რომელიც კიბოს ყველა ტიპს ახასიათებს", - აცხადებს კვლევის ავტორი აბუ სინა.

სინამ და მისმა კოლეგებმა ჯანმრთელი და სიმსივნური უჯრედების დნმ ერთმანეთს შეადარეს, მათ სურდათ გაერკვიათ, როგორ განსხვავდებოდნენ ისინი ერთმანეთისგან.

მათ აღმოაჩინეს, რომ კიბოს უჯრედების დნმ-ზე მეთილის ჯგუფები მხოლოდ გარკვეულ ადგილებში გროვდებოდა, ჯანმრთელ უჯრედებში კი ისინი თანაბრად იყო გადანაწილებული.

მეცნიერებმა კვლევაში მკერდის, კუჭ-ნაწლავის, პროსტატისა და ლიმფომას სიმსივნური უჯრედები გამოიყენეს. როგორც აღმოჩნდა, კიბოს უჯრედები მეთილირების აღნიშნული კანონზომიერების გარეშე არსებობას ვერ ახერხებენ.

"ყველა სიმსივნური უჯრედი, რომელიც ჩვენ შევამოწმეთ, მსგავსი მეთილირების დონით ხასიათდებოდა", - აცხადებს კვლევის ავტორი მეტ ტრაუ.

საინტერესო ისაა, რომ აღნიშნული კანონზომიერების დაფიქსირება რთული არ არის. მეცნიერების ვარაუდით, ტესტს ყველა ტიპის კიბოს დაფიქსირება დაახლოებით 90%-იანი სიზუსტით შეეძლება.

ტესტის პრინციპი

ტესტის პრინციპი ე.წ. თავისუფალ დნმ-ზეა დაფუძნებული, რომელიც, ამ შემთხვევაში, კიბოს უჯრედებს შორდება და ორგანიზმში ცირკულირებს. კიბოს უჯრედებიდან გამოთავისუფლებული დნმ-ის ფრაგმენტებს კიბოს უჯრედებისთვის დამახასიათებელი "ხელწერა" გააჩნიათ, რისი საშუალებითაც ორგანიზმში კიბოს დაფიქსირება მაშინაც შეიძლება, როცა მისი ზუსტი ადგილმდებარეობა ცნობილი არ არის.

ტესტი სპეციალურ ხსნარსა და მასში მცურავ ოქროს ნანონაწილაკებს მოიცავს, რომელიც კიბოს უჯრედების დაფიქსირებისას სითხეს წითელ შეფერილობას აძლევს. ჯანმრთელი უჯრედების დაფიქსირებისას კი სითხე ლურჯ შეფერილობას იღებს.

ტესტით იმის გარკვევა, თუ ორგანიზმის რომელ ნაწილშია კიბო, შეუძლებელია, თუმცა დადებითი პასუხის შემთხვევაში, ამის გარკვევა სხვა მეთოდებით შეიძლება.

მკვლევარების თქმით, აღნიშნული ტექნოლოგია ელექტროქიმიურ სისტემებში უკვე ინტეგრირდა, რაც შესაძლოა ამ ტექნოლოგიის მობილურ ტელეფონებში ჩაშენების წინაპირობა იყოს.

"ჯერჯერობით არ ვიცით, იქნება თუ არა ეს მეთოდი ისეთი ეფექტური, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს, თუმცა მეთოდის უკან არსებული ტექნოლოგია ძალიან მარტივი, ხელმისაწვდომი და იაფია", - აცხადებს კვლევის ავტორი.

კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.