ჩვენთვის მზე მუდმივად დიდი ინტერესის საგანს წარმოადგენდა. ადამიანები მას დედამიწასა და კოსმოსში არსებული ტელესკოპებით ვაკვირდებით, თუმცა, მზის პოლუსების გადაღება უკიდურესად რთული საქმეა.

ცოტა ხნის წინ, მეცნიერებმა ევროპული კოსმოსური სააგენტოს მიერ გაშვებული ხომალდის, PROBA-2-ის საშუალებით, მზის ჩრდილოეთ პოლუსის სურათის შექმნა შეძლეს.

ფოტო: ESA / Royal Observatory of Belgium

მოცემული სურათი კამერით გადაღებული არ არის, თუმცა ის რეალობასთან მაინც ძალიან ახლოსაა. ევროპული კოსმოსური სააგენტოს მეცნიერები აღნიშნული სურათის შესაქმნელად დაახლოებით ექვსი თვე მუშაობდნენ.

"მიუხედავად იმისა, რომ მზის პოლუსების პირდაპირი ფოტო არ გაგვაჩნია, ჩვენ გვაქვს ხომალდის სხვადასხვა ინსტრუმენტების მიერ შეგროვებული ინფორმაცია, რომელზე დაყრდნობითაც შეგვიძლია მზის პოლუსების გამოსახულება შევქმნათ", - ნათქვამია ევროპული კოსმოსური სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ხომალდი Ulysses-ის მისია

დედამიწა, ისევე როგორც მზის სისტემაში არსებული ობიექტების უმეტესობა, მზის გარშემო მისი ეკვატორის გასწვრივ, ერთ სიბრტყეზე ბრუნავს. ეს არის ეკლიპტიკური სიბრტყე და ის მზის სისტემის ჩამოყალიბების პროცესში, მის გარშემო მბრუნავი მტვრისა და გაზისგან არის წარმოქმნილი, რომელთაგანაც საბოლოოდ პლანეტები ჩამოყალიბდა.

პრაქტიკული მიზეზების გამო, დედამიწიდან ხომალდებს, როგორც წესი, ეკლიპტიკურ სიბრტყეზე ვუშვებთ, რადგან, ამ შემთხვევაში რაკეტას ორბიტაზე მოსახვედრად ნაკლები ძალისხმევა სჭირდება. შესაბამისად, დედამიწიდან გაშვებული ხომალდების უდიდესი ნაწილი ეკლიპტიკურ სიბრტყეში ხვდება, საიდანაც მზის პოლუსების დანახვა შეუძლებელია. ეკლიპტიკური სიბრტყიდან გაღწევა შესაძლებელია, თუმცა ეს დიდ დროს და ძალისხმევას მოითხოვს.

თუმცა, არსებობს ერთი ხომალდი, რომელმაც ეკლიპტიკური სიბრტყე დატოვა და მზის პოლუსები შეისწავლა. NASA-ს, ევროპული კოსმოსური სააგენტოსა და კანადის ეროვნული სამეცნიერო საბჭოს ერთობლივი ძალისხმევით მეცნიერებმა 1990 წელს კოსმოსური შატლის მეშვეობით ხომალდი Ulysses გაუშვეს, რომელმაც მზის პოლუსებს 322 მილიონი კილომეტრის მანძილზე რამდენჯერმე გადაუფრინა.

Ulysses — მისია მზეზე.

ფოტო: NASA

ეს მისია ადვილი არ ყოფილა, ეკლიპტიკის სიბრტყის დასატოვებლად ხომალდი იუპიტერამდე უნდა მისულიყო, შემდეგ კი მზის პოლუსების შესასწავლად სპეციფიკურ ორბიტაზე, იუპიტერის მიზიდულობის ძალის გამოყენებით უნდა გადატყორცნილიყო.

ჯამში Ulysses-მა მზეს სამჯერ შემოუარა, რისთვისაც მას 15 წელი დასჭირდა. ხომალდისგან მზის შესახებ უამრავი რამ ვისწავლეთ, თუმცა, სამწუხაროდ, ხომალდის სამეცნიერო ინსტრუმენტებს შორის, კამერა არ ყოფილა. ამის გამო, მზის პოლუსების ნამდვილი ფოტო დღემდე არ გვაქვს.

მზის პოლუსების ნამდვილი ფოტოებისთვის რამდენიმე წელი მოცდა მოგვიწევს. 2020 წელს ევროპული კოსმოსური სააგენტო ახალ ხომალდს, Solar Orbiter-ს გაუშვებს. ახალი ხომალდი მზის პოლუსებს არ გადაუფრენს, თუმცა მისი ორბიტადან ის მზის პოლუსების გადაღებას ნაწილობრივ მაინც შეძლებს.