ახლახან ერთ-ერთი ფორუმის, 4chan-ის ანონიმურმა მომხმარებელმა მათემატიკური პრობლემა გადაჭრა, რომლის ამოხსნასაც მათემატიკოსები უკვე 25 წელიწადზე მეტია ცდილობენ.

მომხმარებელს უბრალოდ სურდა დაედგინა ერთ-ერთი ანიმეს სერიების ყურების ყველა შესაძლო თანმიმდევრობა. ანიმაციის სახელია ჰარუჰი სუზუმიას მელანქოლია და ის 14 ეპიზოდისგან შედგება. ანიმე ამავე სახელის მქონე ნოველების სერიაზეა დაფუძნებული, რომელიც დროში მოგზაურობას, ფილოსოფიურ პარადოქსებს, პარანორმალურ მოვლენებსა და უცხოპლანეტელებს ეხება.

ანიმაციის გამოსვლისას, სერიები არასწორხაზოვანი მიმდევრობით აჩვენეს, ხოლო ოფიციალური DVD-ის გამოშვებისას მათი რიგითობა კიდევ ერთხელ შეიცვალა. ამის გამო, სერიების ყურების რაიმე მკაცრად განსაზღვრული, სწორი თანმიმდევრობა არ არსებობს, რის შედეგადაც ფანებისთვის ჰარუჰი სუზუმიას მელანქოლიის ეპიზოდების სხვადასხვა მიმდევრობით ყურება ერთგვარ გატაცებად იქცა.

ჩნდება კითხვა: ჯამში, რამდენჯერ მოგვიწევს სერიების ყურება, რომ ჰარუჰი სუზუმიას მელანქოლიის ეპიზოდები ყველა შესაძლო თანმიმდევრობით ვნახოთ?

ფოტო: Kyoto Animation

რამდენიმე წლის წინ, 4chan-ის ანონიმურმა წევრებმა ამ პრობლემის გადაჭრა გადაწყვიტეს. ერთ-ერთი მათგანი საკუთარ შეტყობინებაში აცხადებდა, რომ მან პასუხის ქვედა ზღვარი დაადგინა — ანუ, ის მინიმალური რაოდენობა, რამდენჯერაც ეპიზოდების ყურება მოგვიწევს, თუ გვსურს, რომ ანიმეს სერიები ყველა შესაძლო თანმიმდევრობით ვნახოთ.

ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ უცნობმა ამ ყველაფრის დამადასტურებელი გამოთვლებიც წარადგინა.

მათემატიკურ ენაზე რომ ავხსნათ, აღნიშნული საკითხი კომბინატორიკასა და გადანაცვლებებს ეხება. მხოლოდ რამდენიმე ელემენტისგან შემდგარ ჯგუფებში, შემადგენელი ელემენტების ყველა შესაძლო კომბინაციის გამოთვლა შედარებით მარტივია, მაგრამ, როდესაც ჯგუფში მრავალი სხვადასხვა ელემენტია (ამ შემთხვევაში 14), მათი ყველა შესაძლო კომბინაციის გამოთვლა ძალიან რთულია.

მეცნიერებს სურდათ, რომ მიეღოთ რაიმე ზოგადი კანონზომიერება - ფორმულა, რომლითაც ნებისმიერი რაოდენობის ელემენტების მქონე ჯგუფში, ამ ელემენტების ყველა შესაძლო თანმიმდევრობას ადვილად დაადგენდნენ.

1993 წელს მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ასეთი ფორმულას მიიღეს, თუმცა 2014 წელს გაირკვა, რომ მათი მეთოდი 6-ზე მეტი ელემენტის შემცველ ჯგუფებზე არ ვრცელდებოდა.

დაახლოებით ერთი თვის წინ, მეცნიერმა გრეგ ეგანმა წარმოადგინა ფორმულა, რომლითაც ჯგუფში არსებული ელემენტების ყველა შესაძლო კომბინაციის ზედა ზღვარის გარკვევა შეიძლება - ის მაქსიმალური რაოდენობა, რამდენჯერაც ეპიზოდების ყურება მოგვიწევს, რათა ისინი ყველა შესაძლო თანმიმდევრობით ვნახოთ.

წინა კვირას კი, მათემატიკოსი რობინ ჰიუსტონი ანონიმური მომხმარებლის მიერ ფორუმზე დაწერილ შეტყობინებაში არსებულ მტკიცებულებას შემთხვევით წააწყდა, რომლის შემდეგაც ის რამდენიმე სხვა მეცნიერთან ერთად განიხილა. როგორც აღმოჩნდა, ფორუმზე ანონიმურად დატოვებულ შეტყობინებაში არსებული გამოთვლები სიმართლეს შეესაბამება, რაც ნიშნავს იმას, რომ ახლა შეგვიძლია სტატიის დასაწყისში მოცემული მთავარი კითხვის პასუხის მინიმალური და მაქსიმალური მნიშვნელობა დავადგინოთ.

მათემატიკოსმა ჯეი პენტონმა მითითებული გამოთვლები ჩაატარა და გაირკვა, რომ ჰარუჰი სუზუმიას მელანქოლიის 14 სერიის ყველა შესაძლო თანმიმდევრობით ყურებისთვის მისი ეპიზოდების მინიმუმ 93 884 313 611-ჯერ, ხოლო მაქსიმუმ 93 924 230 411-ჯერ ყურება მოგვიწევს.

ჰიუსტონისა და პენტონის მიერ დაწერილ სამეცნიერო სტატიაში კი, სადაც ისინი აღნიშნულ მტკიცებულებებს განიხილავენ, ავტორებს შორის "4chan-ის ანონიმური მომხმარებელიც" არის მითითებული.

მართალია, ზუსტი რიცხვის დადგენა კვლავ ვერ ხერხდება, თუმცა მეცნიერები ამაზე უკვე მუშაობენ. ახლა მათემატიკოსებს აღნიშნული პრობლემის ნაწილობრივ ამოხსნა მაინც შეუძლიათ, ჰიუსტონი და პენტონი კი უკვე ცდილობენ, რომ ეგანისა და ანონიმური მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი გამოთვლები როგორმე ერთ, ელეგანტურ ფორმულაში გააერთიანონ.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ თავსატეხს მალე სრულად ამოვხსნით", - აცხადებს ჰიუსტონი.

სტატიის ბოლოს უნდა გაგიმხილოთ, რომ ანიმეების ეპიზოდის თანმიმდევრობების დათვლის გარდა, ამ ფორმულას ცხოვრებაში სხვა გამოყენება ჯერ არ აქვს, რაც გასაკვირი არ არის. პენტონის თქმით, ახლად აღმოჩენილი მათემატიკური ფორმულების პრაქტიკაში დანერგვასა და გამოყენებას ხშირად ათწლეულები სჭირდება.

მსოფლიოს კი, მგონი რეალური უილ ჰანტინგი ჰყავს.