საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ გურამ ბაძაღუას კურსელები და მეგობრები საპროტესტო აქციას მართავენ. მათ კანცელარიის შენობის წინ სიმბოლურად საკანი დადგეს და აცხადებენ, რომ მთელი ღამის განმავლობაში აქ აპირებენ ყოფნას. მათივე თქმით, პროტესტი შეწყდება, თუ გურამ ბაძაღუას გაათავისუფლებენ.

აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ გურამ ბაძაღუა დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით უკანონოდ დააკავეს და საქმეში მისი ბრალეულობა არ იკვეთება.

21 წლის გურამ ბაძაღუას თბილისის პროკურატურა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. ბრალდების მიხედვით, ის ძებნაში მყოფ პირს მალავდა, რომელსაც ბრალად არაერთგზის, დამამძიმებელ გარემოებებში ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა ედება. აღკვეთის ღონისძიებად თბილისის საქალაქო სასამართლომ გურამ ბაძაღუას პატიმრობა შეუფარდა.

გურამ ბაძაღუას მხარდამჭერების თქმით, 9 ოქტომბერს გურამი დღის საათებში თბილისში შეხვდა დიდი ხნის უნახავ მეგობარს და უმასპინძლა მის ნაქირავებ ბინაში რამდენიმე დღით.

"მისი კანონთან კონფლიქტში ყოფნის შესახებ არც ამ ადამიანს უთქვამს და, ბუნებრივია, არც გუკას ჰქონდა რაიმე სახის ინფორმაცია", — აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ბაძაღუას მხარდამჭერების განცხადებაში ვკითხულობთ:

"თბილისის საქალაქო სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების განხილვის დროს, თავისი ოცწუთიანი დასაბუთების მცდელობისას მოსამართლემ დაარღვია:

  • თავისუფლების პრეზუმფცია;
  • უდანაშაულობის პრეზუმფცია;
  • გაეროს რეზოლუცია;
  • ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია (კერძოდ მე-5 და მე-6 მუხლი);
  • ადგილობრივი სსსკ-ის 198-ე მუხლი".

4 დეკემბერს სასამართლომ ბაძაღუას პატიმრობის საკითხი თავიდან განიხილა და მოსამართლის გადაწყვეტილება კვლავ ძალაში დატოვა.

"უკანონო პატიმრობაში ტოვებენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტს, რომელიც, მიუხედავად უდანაშაულობისა, ვერ სარგებლობს იმ საზოგადოებრივი სიკეთეებით, რომლით სარგებლობის უფლებაც მას კონსტიტუციურად აქვს", — აცხადებენ მხარდამჭერები.