გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი ვაშაძე უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს შტაბისთვის წინასაარჩევნოდ იმუშავებს. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია მაესტრომ გაავრცელა.

ტელეკომპანიის ცნობით, ინფორმაციას ადასტურებს გიორგი ვაშაძე, რომლის თქმითაც, უკრაინაში გადასვლა შესთავაზეს.

"მუდმივად ვერ წავალ ხომ საქართველოდან?! რეფორმებზე ვმუშაობ და რეფორმების განრიგის კუთხით მთხოვეს, რა შეიძლება გაკეთდეს უკრაინაში და ამას საქართველოდან ვიმუშავებ. პოროშენკოსთან დიდი ხანია ვთანამშრომლობ. რეფორმების ახალი განრიგი უნდა გავაკეთოთ სავარაუდოდ პოროშენკოსთვის" — უთხრა მაესტროს გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე აქამდეც იკავებდა უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის სავარძელს, თუმცა, ახლა, პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიაშიც ჩაერთვება.

გიორგი ვაშაძე გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის ხელმძღვანელიც იყო. ძალა ერთობაშია ძირითადად ნაციონალური მოძრაობის წევრებითაა დაკომპლექტებული, რომელთა ლიდერიც, მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოსთანაა დაპირისპირებული. მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს, რომელთანაც უკრაინიაში ჩასვლის დროს მეგობრობდა, დაუპირისპირდა და დააარსა ოპოზიციური პარტია, ახალი ძალების მოძრაობა. გრძელვადიანი აქციებისა და პროტესტის შემდეგ, 2018 წელს სააკაშვილი უკრაინიდან გააძევეს. უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 2019 წლის 31 მარტს ჩატარდება.