ბრაზილიაში ისტორიული სამეცნიერო მოვლენა დაფიქსირდა: გარდაცვლილი დონორის სხეულიდან ამოკვეთილი საშვილოსნოდან, რომელიც 2016 წელს სხვა ადამიანის სხეულში გადანერგეს, ჯანმრთელი გოგო დაიბადა.

მსოფლიოს მასშტაბით, საშვილოსნოს გადანერგვის 39 შემთხვევაა დაფიქსირებული. ხანდახან, დონორები დედები არიან, რომლებიც ორგანოს შვილებს უტოვებენ. ცოცხალი დონორების საშვილოსნოების გადანერგვის შემდეგ, სულ 11 ბავშვი დაიბადა.

თუმცა, გარდაცვლილი ადამიანის სხეულიდან ამოკვეთილი საშვილოსნოს გადანერგვის პირველი 10 შემთხვევა წარუმატებლად დასრულდა. გამონაკლისია ბრაზილიელი დონორის შემთხვევა.

სამედიცინო მიღწევა

გარდაცვლილი დონორის საშვილოსნოდან დაბადებული პირველი ბავშვი.

ფოტო: The Associated Press

2016 წელს, 32 წლის ქალს სან-პაულუში 10-საათიანი ოპერაცია ჩაუტარეს და 45 წლის გარდაცვლილის საშვილოსნო გადაუნერგეს. დონორის გარდაცვალების მიზეზი ტვინში სისხლის გაჟონვა იყო. მიმღები კი, გენეტიკური დარღვევით იყო დაბადებული და მას საშვილოსნო არ ჰქონდა. აღნიშნულ მდგომარეობას, მაიერ–როკიტანსკი–კიუსტერ–ჰაუზერის სინდრომი ჰქვია და ის 4 500-დან ყოველ ერთ ქალს აქვს.

მიმღების საკვერცხეები კარგ მდგომარეობაში იყო. ექიმებმა შეძლეს კვერცხუჯრედების ამოღება, შემდეგ ის გაანაყოფიერეს მამის სპერმატოზოიდებთან და გაყინეს.

შემდეგ, მიმღებს იმუნური სისტემის დასასუსტებლად პრეპარატები მისცეს, რამაც ტრანსპლანტის დაცვა უზრუნველყო, რათა სხეულს ის არ დაებლოკა.

დაახლოებით 6 კვირის შემდეგ, მიმღებს პირველად ჰქონდა მენსტრუაცია. 7 თვის შემდეგ, მასში განაყოფიერებული კვერცხუჯრედები მოათავსეს, რასაც ნორმალური ორსულობა მოჰყვა.

2017 წლის 15 დეკემბერს, საკეისრო კვეთით ბავშვი დაიბადა, რომლის წონაც 2,5 კილოგრამი იყო. მშობიარობიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, ბავშვიცა და დედაც თავს კარგად გრძნობენ.

მოვლენა შთამბეჭდავია, რადგან ის უამრავი ქალისთვის იმედისმიმცემია. მსოფლიოს მასშტაბით, წყვილების 10-15 პროცენტს უშვილობის პრობლემა აწუხებს, რისი მიზეზებიც განსხვავებულია, თუმცა ყოველ 500 ქალში ერთს საშვილოსნოს პრობლემა აქვს. სამედიცინო მიღწევა შანსს აძლევს ტრანსგენდერ ქალებსაც, რომ შვილები თავად გააჩინონ.