თბილისის მერია ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილის თბილისში, პარლამენტის შენობასთან, კარვებში გამათბობლებს უყენებს. ამის შესახებ On.ge-ს სარალიძემ განუცხადა და მერიაში დაუდასტურეს.

სარალიძის თქმით, მან იქ მდგომ პოლიციელებს უთხრა, რომ შეშის ღუმელის დადგმას აპირებდა, რის შემდეგაც მასთან მერიის თანამშრომლები მივიდნენ და დენის წყაროთი და გამათბობლებით უზრუნველყვეს.

შვილმოკლული მამები, რომელებიც შვილების მკვლელობაში მონაწილე პირების დასჯას ითხოვენ, რუსთაველის გამზირზე კარვების გაშლას კვირების განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა მათ ამის საშუალებას შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აძლევდა.

ზაზა სარალიძისთვის კონსტიტუციური უფლების, კარვის გაშლის უფლების შეზღუდვის გამო 10 ნოემბერს აქცია გამართეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ არასამთავრობოებმა პროტესტის ნიშნად კარვები მაინც გაშალეს. ასევე შეიქმნა პეტიცია "უარს ვამბობ ნაძვის ხეზე, ვირჩევ ადამიანს!"

მანამდე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ დეზინფორმაციაა, თითქოს სარალიძეს კარვის აღება საახალწლო ნაძვის ხის გამო მოსთხოვეს. მისი თქმით, ეს იყო რეკომენდაცია, რომლის გათვალისწინებაც აქციის მონაწილეების პრეროგატივაა. ზაზა სარალიძის თქმით, კახა კალაძე თავის მართლების პოზიციაშია და თავისი ნათქვამის გამოსწორებას ცდილობს.