მამაკაცების უშვილობა მზარდი პრობლემაა: ბოლო 45 წელიწადში ერთ მილილიტრ სპერმაში სპერმატოზოიდების კონცენტრაცია განახევრდა.

მასშტაბური ანალიზი 1973-2011 წლებში ჩატარებულ კვლევებს მოიცავდა, რომლებშიც ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში მცხოვრები 43 ათასამდე კაცი მონაწილეობდა.

იმის მიუხედავად, რომ შვილის არყოლის შემთხვევაში წნეხი უმეტესად ქალზე მოდის, კაცები უშვილობის პრობლემას ქალებზე ნაკლებ არ განიცდიან.

"ეს მამაკაცურობაზე მოქმედებს, თავს ნამდვილ კაცად აღარ გრძნობ. ექიმთან წასვლამდე ვოცნებობდი, რომ პრობლემა ჩემში კი არა, ჩემს ცოლში ყოფილიყო", — ამბობს Guardian-ის რესპონდენტი კაცი, რომელსაც უშვილობის პრობლემა აქვს.

გენდერული მედიცინის ექსპერტი მარიანე ლეგატო BuzzFeed-ს კაცების უშვილობაზე საინტერესო ფაქტებს უზიარებს.

1. რეტროგრადული ეაკულაცია

რეტროგრადული ეაკულაციის დროს, სპერმა შარდის ბუშტში ჩადის, იმის ნაცვლად, რომ პენისიდან გადმოვიდეს. აღნიშნული მდგომარეობა, შესაძლოა, დიაბეტმა გამოიწვიოს, რომელიც, თავის მხრივ, მოქმედებს კაცების უშვილობაზე.

2. ყნოსვის შეგრძნების დაკარგვა

სუნის შეგრძნების დაკარგვა უშვილობის ნიშანი შეიძლება იყოს. ის გენეტიკურ დარღვევას, კალმანის სინდრომს უკავშირდება, რომელიც ადამიანს სქესობრივად მომწიფებაში უშლის ხელს. მკურნალობის არჩატარების შემთხვევაში, უამრავი ადამიანი უშვილო ხდება.

3. ჭარბი წონა

ჭარბწონიან კაცებს ტესტოსტერინის დაბალი დონე და დაბალი ხარისხის სპერმა აქვთ. რაც უფრო ჭარბწონიანია კაცი, მით უფრო მოქმედებს ეს მის ნაყოფიერებაზე. ყოველი ზედმეტი 9 კილოგრამი კაცის უშვილობის რისკს 10%-ით ზრდის.

4. სტრესი და დეპრესია

დეპრესიამ და ემოციურმა სტრესმა, შესაძლოა, კაცის ნაყოფიერებას ზიანი მიაყენოს.

5. თმის ცვენა

სახისა და სხეულის თმის ცვენა შეიძლება ისეთი მდგომარეობის ნიშნები იყოს, რომელიც უშვილობაზე მოქმედებს. მაგალითად, ასეთი მდგომარეობაა ტესტოსტერინის გამომუშავების უნარის დაქვეითება.

6. ცხელი აბაზანები

ცხელ აბაზანაში ნებივრობა გიყვართ? მაშინ, სჯობს იცოდეთ, რომ სათესლე პარკის გადახურებამ სპერმატოზოიდების ხარისხი შესაძლოა დააქვეითოს.

7. მოწევა და პასიური მწეველობა

სავარაუდოდ, ისედაც გეცოდინებათ, რომ თუ შვილის გაჩენა გსურთ, თამბაქოს უნდა დაემშვიდობოთ, რადგან ის თქვენ გარდა ბავშვის ჯანმრთელობასაც სერიოზულ ზიანს აყენებს. თუმცა ეს ყველაფერი არაა — თამბაქომ თქვენს ნაყოფიერებაზეც შეიძლება იმოქმედოს, მათ შორის, თუ პასიური მწეველი ხართ. საზიანოა ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარებაც.

8. ვიტამინი E

დარწმუნდით, რომ საკმარის E ვიტამინს იღებთ, რადგან ის შვილოსნობის უნარზე დადებითად მოქმედებს. მას შეიცავს თხილი, ავოკადო, მცენარეული ზეთები, ბოსტნეული და თევზი.

9. ანტისხეულები

ზოგადად, ანტისხეულები ბაქტერიებსა და ვირუსებს ებრძვიან, მაგრამ არსებობს ანტისხეულები, რომლებიც სპერმატოზოიდებს ესხმიან თავს.

10. ტერფის ეპიდერმოფიტია

პრეპარატები, რომლებსაც ტერფის სოკოს დროს იყენებენ, შესაძლოა უკავშირდებოდეს სპერმატოზოიდების სიმცირეს. ამავე პრობლემასთან კავშირში შეიძლება იყოს მარიხუანისა და კოკაინის ხშირი მოხმარება.