პარტია ევროპული საქართველო დაგროვებითი სისტემის ცვლილებას ითხოვს. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში, დღეს, 4 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა კომიტეტზე უნდა განიხილონ.

ევროპული საქართველოს პოზიციით, დაგროვებითი პენსია ნებაყოფლობითი უნდა იყოს და ყველა ინდივიდუალურად უნდა საზღვრავდეს, რამდენის დაგროვება სურს.

"მოქალაქე, თუ იგი თავისი ღირსეული სიბერისთვის ფულის დაგროვებას გადაწყვეტს და საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით ჩაერთვება, ამისათვის არა მხოლოდ თავისი ხელზე ასაღები ხელფასის მცირე ნაწილს გამოიყენებს, არამედ მისივე დასაბეგრი ხელფასიდან ჩამოჭრილ საშემოსავლო გადასახადსაც, რომელიც მთავრობას დღეს ბიუჯეტში მიაქვს", — ნათქვამია განმარტებით ბარათში.

პარტიის პოზიციით, მათ მიერ შემუშავებული დაგროვებითი საპენსიო სისტემა არ იყენებს
საბიუჯეტო სახსრებს და დამატებით გადასახადს არ უწესებს დამსაქმებელს.

კანონპროექტის ავტორების, გიგა ბოკერიასა და ზურაბ ჭიაბერაშვილის პოზიციით, ქართული ოცნების მიერ შემოღებული დაგროვებითი საპენსიო სისტემა არ უზრუნველყოფს ღირსეულ სიბერეს.

"ქართული ოცნების მიერ შემოღებული დაგროვებითი საპენსიო სისტემა შეიცავს 40 წლამდე ასაკის მოსახლეობაში უმუშევრობის გაზრდის რისკს. სისტემა ასევე შეანელებს ხელფასების მატების ტემპს, რომელიც ისედაც შენელებულია ბოლო 6 წლის განმავლობაში", — ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.

საპენსიო რეფორმა

მთავრობის ინიციატივით, მოქალაქე თავის პენსიას თვითონ დააგროვებს, წლების განმავლობაში დაგროვებული თანხა კი საპენსიო ასაკის მიღწევისას უკან დაუბრუნდება. პარალელურად იარსებებს დღევანდელი პენსიების გაცემის სისტემაც, ანუ სოციალური პენსიაც. დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის იანვრიდან ამოქმედდება.

სქემაში ჩართვა სავალდებულო იქნება 40 წლამდე პირებისთვის, 40 წლის ზემოთ კი - ნებაყოფლობითი. სისტემაში სავალდებულო წესით ჩაერთვება ყველა დასაქმებული, ხოლო ნებაყოფლობით - ნებისმიერი თვითდასაქმებული.

დასაქმებულის საპენსიო ანგარიშზე ყოველთვიურად დაუბეგრავი ხელფასის 6 პროცენტი გროვდება. აქედან 2 პროცენტი დასაქმებულის ხელფასიდან აკლდება, 2 პროცენტს დამსაქმებელი იხდის, დარჩენილი 2 პროცენტს კი - სახელმწიფო.

ამავე თემაზე: რა უნდა ვიცოდეთ დაგროვებით საპენსიო სისტემაზე - მოკლედ.