თეთრი ხმაურის მოძრაობა ტელეკომპანია იმედის ეთერში გასულ სიუჟეტზე განცხადებას ავრცელებს.

On.ge განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

გუშინ ტელეკომპანია იმედის ეთერში დემურ სტურუას საქმეზე ახალი დეტალების შესახებ სიუჟეტი გავიდა. სიუჟეტში ნათქვამია, რომ დემურ სტურუას თვითმკვლელობის მიზეზი შესაძლოა მეზობელ სოფელში
ავტოკატასტროფის შედეგად დაღუპული ახალგაზრდის დაკრძალვაზე დაკარგული მობილური ტელეფონი ყოფილიყო, რომელიც თითქოს სტურუას ბრალდებოდა და რის გამოც მას თანასოფლელებთან გამწვავებული ჰქონდა ურთიერთობა.

თეთრი ხმაურის მოძრაობა სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ დემურ სტურუას მიერ, წერილში მოყვანილი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გარდა, თვითმკვლელობის ნებისმიერი სხვა ვერსია არის პოლიციელ გოდერძი თევზაძის დანაშაულზე ხელის დაფარების მცდელობა და კიდევ ერთი ამორალური ქმედება ძალოვანი უწყებების მხრიდან.

ჩვენთვის ჯერ კიდევ დემურ სტურუას გარდაცვალებიდან მეოთხე დღეს, სამძიმარზე ყოფნისას გახდა ცნობილი არაერთი უსაფუძვლო ბრალდების შესახებ, რომლებსაც პოლიციელი გოდერძი თევზაძე მიცვალებულის მისამართით სოფელში აჟღერებდა და მისი რეპუტაციისა და უდანაშაულობის ხელყოფით საკუთარი ბრალეულობის მიჩქმალვას ცდილობდა. უფრო მეტიც, თვითმკვლელობიდან პირველსავე დღეებში, დემურ სტურუას მიერ დატოვილი წერილის გაქრობის მიზნით, ის უწინდებურად მიმართავდა შანტაჟისა და დაშინების ჩვეულ მეთოდებს, რასაც ადგილობრივი მოსახლეობაც ადასტურებს.ჩვენ ასევე ვიმყოფებოდით სოფელ საჯავახოში, ოჯახში სადაც დაკრძალვაზე სიუჟეტში ნახსენები ტელეფონი დაიკარგა. გარდაცვლილის მშობლები სრუალად გამორიცხავენ აღნიშნულ ქმედებაში სტურუას ბრალეულობას.

სრული სიცრუეა ეჭვები დემურ სტურუასა და საჯავახოს მაცხოვრებელთა შორის კონფლიქტის არსებობის შესახებაც. დედის თურქეთში გასამაგზავრებლად საჭირო თანხის შეგროვების მიზნით დემურ სტურუას მიერ ლომბარდში დატოვებული ტელეფონები ეკუთვნოდათ თავად სტურუების ოჯახის წევრებს.

გარდა ამისა,ჩვენ დაგვიკავშირდა ოლეგ თავაძე, დემურ სტურუას თანასოფლელი, რომელმაც ასევე ამხილა გოდერძი თევზაძე მასზე განხორციელებულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლაში და გვითხრა, რომ პოლიციელი თევზაძე ასევე ცდილობს მისი რეპუტაციის შელახვასაც და მოსახლეობაში ავრცელებს ხმებს, თითქოს ოლეგ თავაძე გარკვეული თანხის სანაცვლოდ აჟღერებდეს ინფორმაცის პოლიციელის მხრიდან ზეწოლაზე. აღნიშნული ბრალდებების უსაფუძვლობა მარტივად დასადგენია გამოძიებისთვის.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მოვითხოვთ, რაც შეიძლება სწრაფად გამოირიცხოს საქმიდან პოლიციელ გოდერძი თევზაძის მიერ გავრცელებული აბსურდული ბრალდებები და შეწყდეს გარდაცვლილის ამორალური დისკრედიტაცია!

თეთრი ხმაურის მოძრაობა გარდაუვალ აუცილებლობად მიიჩნევს გოდერძი თევზაძის დაუყოვნებლივ დაკავებას, რადგან მკაფიოდ იკვეთება, თუ როგორ ცდილობს ის საგამოძიებო პროცესის მცდარი მიმართულებით წარმართვას და საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენისთვის ხელის შეშლას.

ჩვენ არ დავუშვებთ გოდერძი თევზაძის დაუსჯელობას, პოლიციელის რომლის არაადამიანურ ქმედებებზე მთელი სამტრედიის რაიონი და მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლები საუბრობენ, აღარ დავუშვებთ სამართალდამცავი სისტემის მწამებლურ პრაქტიკებს. გარდაცვლილ დემურ სტურუაზე მიზანმიმართული დისკრედიტაციის ყოველი მცდელობა ჩვენს სამართლიან პროტესტს კიდევ უფრო გააძლიერებს და გავრცელდება მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებამდე.

აღნიშნული სიუჟეტი ტელეკომპანია იმედის ეთერში გუშინ გავიდა.