დღეს, 4 დეკემბერს, ჩრდილოატლანტიკური საბჭო საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

უწყების მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, ეს შეხვედრა ადასტურებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საქართველოს ნატოს პოლიტიკურ დღის წესრიგში.

მისივე განმარტებით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება რეგიონალური უსაფრთხოების კონტექსტზე და განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე.

"ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგი ნატოს წინა სამიტზე, სადაც საქართველომ უკრაინასთან ერთად უპრეცედენტო ფორმატში მიიღო მონაწილეობა და ასევე მივიღეთ დეკლარაცია განსაკუთრებით პრაქტიკული თანამშრომლობის კუთხით შავ ზღვაზე. ვისაუბრეთ, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ გადაწყვეტილებების პრაქტიკულ განზომილებაში თარგმნა", — განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, შავ ზღვაზე თანამშრომლობის კუთხით NATO-ს ბრიუსელის სამიტზე უკვე განისაზღვრა რამდენიმე კონკრეტული მიმართულება.

საქართველოს დელეგაცია NATO-ს მინისტერიალსა და ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომას ესწრება.

2018 წლის ივლისში NATO-ს ბრიუსელის სამიტზე გაიმართა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურების დონეზე. შეხვედრის თემა რეგიონალური უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას იქნება და მას საქართველო და უკრაინა დაესწრება.

6-7 დეკემბერს კი დავით ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს ეუთო-ს 25-ე საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომაში. პლენარული სესიის ფარგლებში დავით ზალკალიანი სიტყვით გამოვა. ვიზიტის ფარგლებში, ის სუამის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას. ასევე შეხვდება ჟენევის მოლაპარაკების თავმჯდომარეებს.