პრეზიდენტობის არჩევნებში გამარჯვებული სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ჯერ არ არის გადაწყვეტილი სად გაიმართება მისი ინაუგურაცია. მისი თქმით, რამდენიმე ვერსია განიხილება, მათ შორის თბილისში.

"არაფერი არა არის მართალი იმიტომ, რომ არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული. სხვადასხვა ვარიანტები [განიხილება]... ჯერ ვმსჯელობთ ამაზე და როცა მეცოდინება, გეტყვით", — აღნიშნა ზურაბიშვილმა.

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება. ქვეყნის ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისა და უფლებამოსილებაში შესვლის ცერემონია, კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის არჩევის დღიდან მესამე კვირა დღეს იმართება. სალომე ზურაბიშვილის მიერ პრეზიდენტის ფიცის დადებისთანავე წყდება მოქმედი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის უფლებამოსილება.

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმების 100 პროცენტი დათვალა. ამ მონაცემებით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხდება.

პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ხმები პროცენტულად ასე გადანაწილდა:

  • ზურაბიშვილი — 59,52%;
  • ვაშაძემ — 40,48%.

პირველ ტურში მიღებული ხმები საკმარისი არ აღმოჩნდა რომელიმე კანდიდატის პრეზიდენტად ასარჩევად. მაშინ ზურაბიშვილი ვაშაძეს 14 348 ხმით უსწრებდა.

პირველი ტურში კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:

  • ზურაბიშვილი — 615 572 ხმა (38,64%);
  • ვაშაძე — 601 224 (37,74%).