პარიზში საწვავზე ფასის ზრდას მოქალაქეები ისევ აპროტესტებენ. პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეები ისევ ცრემლსადენი გაზით დაშალა. აქციის მონაწილეები, იგივე ყვითელჟილეტიანები რამდენიმე დღეა საწვავზე ფასების ზრდას აპროტესტებენ.

პარიზის პოლიციის პრესსპიკერის თქმით, დაკავებულია 15 პირი. აქციის მონაწილეები საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს მოუწოდებენ, რომ უარი თქვას დიზელის საწვავსა და ბენზინზე ფასის გაზრდაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში გადადგეს.

ნოემბრის თვის უქმეებზე საპროტესტო აქციებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 280 ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. აქციის ერთ-ერთი მონაწილე ქალი გარდაიცვალა, მას შემთხვევით მანქანამ გადაუარა. 23 ნოემბერს კი პოლიციამ ქალაქ ანჟეს სავაჭრო ცენტრში დააკავა კაცი, რომელიც იმუქრებოდა, რომ მაკრონთან შეხვედრა სურდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ბომბს ააფეთქებდა.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში საფრანგეთში დიზელის საწვავის ფასი 23 პროცენტით გაიზარდა. ფასის ზრდა თავის მხრივ დაკავშირებულია ბენზინსა და დიზელზე გადასახადების ზრდით, რომელიც მაკრონმა შემოიღო.

2019 წელს კი საწვავზე ფასი კიდევ ერთხელ გაიზრდება, რამაც გააბრაზა ე.წ. ყვითელჟილეტიანები — ასეთი ჟილეტი საფრანგეთის ნებისმიერმა მძღოლმა მანქანაში უნდა იქონიოს.

მაკრონი ამტკიცებს, საწვავის ფასის ზრდა აუცილებელია, რათა ეკოლოგიურად სუფთა საწვავის შექმნის სტიმული გაჩნდეს, ასევე, შემცირდეს ქვეყნის დამოკიდებულება ნავთობზე.