საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, 2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვან დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ერთი წელი შეაფასა. ლომჯარიას თქმით, ამ შემთხვევამ და შემდგომმა მოვლენებმა დიდი გავლენა მოახდინეს მიმდინარე საზოგადოებრივ პროცესებზე და სხვადასხვა კუთხით წარმოაჩინეს სამართალდამცავ სისტემაში რეფორმის განხორციელების აუცილებლობა.

სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმე ეფექტურად არ გამოიძიეს. სახელმწიფომ არ ჩაატარა გადაუდებელი, შესაძლო და გონივრული საგამოძიებო მოქმედებები მტკიცებულებების მოპოვების მიზნით და სახეზე იყო სავარაუდო დანაშაულის ნიშნები გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირების მხრიდან.

"სამწუხაროდ, საქართველოს პროკურატურამ არ გაიზიარა სახალხო დამცველის რეკომენდაცია, რომ გამოძიება სავარაუდოდ ჩადენილ სამოხელეო დანაშაულის კვალიფიკაციით დაწყებულიყო, ასევე, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილებით პროკურატურას გამოძიებაზე პასუხისმგებელ პირთა მიმართ მხოლოდ სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების და არა გამოძიების დაწყების რეკომენდაცია მიეცა. შედეგად, მთავარმა პროკურატურამ დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება, რომელიც ამ დროისთვის კვლავ გრძელდება", — აცხადებს ლომჯარია.

ომბუდსმენის თქმით, საზოგადოებას არა აქვს ინფორმაცია პროკურატურის მიმართ პარლამენტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობაზე.

"მიგვაჩნია, რომ გამოძიების მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, პროკურატურამ უნდა დააკმაყოფილოს საზოგადოებაში არსებული კითხვები და გაასაჯაროოს ინფორმაცია გამოძიებისა და მოკვლევის მიმდინარეობის შესახებ", — ამბობს სახალხო დამცველი.

ის მოუწოდებს მთავარ პროკურატურას:

1. ყოველი თვის ბოლოს წარმოუდგინოს საზოგადოებას როგორც მიმდინარე სამსახურებრივი შემოწმების შედეგები, ასევე, ინფორმაცია სახალხო დამცველის წინადადებასა და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნაში გამოკვეთილ ხარვეზებზე გატარებული ღონისძიებების შესახებ;

2. სახალხო დამცველის აპარატს მიეცეს მიმდინარე სამსახურებრივი შემოწმების მასალების პერიოდულად სრულყოფილი გაცნობის შესაძლებლობა;

ხორავას ქუჩის საქმის გამოძიებიდან ერთი წელი გავიდა. ამ დრომდე უცნობია ზაზა სარალიძისთვის, ვინ მოკლა მისი შვილი. ის განაჩენის გამოცხადების დღიდან აქციებს მართავს და დათო სარალიძის მკვლელების დასჯას ითხოვს. ხორავას ქუჩის ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მსვლელობა, დღეს პირველ დეკემბერს გაიმართება.

გაიგე მეტი: მკვლელობა ხორავას ქუჩაზე