მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტია — სწორედ ამ ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას საერთაშორისო მედია შედეგების გამოცხადების შემდეგ.

სალომე ზურაბიშვილმაც უცხოური გამოცემებისთვის მიცემულ ინტერვიუებში არაერთხელ ახსენა თავისი სქესი. არჩევნებში გამარჯვებაც ქალთა უფლებების მიმართულებით თანასწორობითა და დემოკრატიით ახსნა.

ჩნდება კითხვები, რამდენად იყო განმაპირობებელი სქესი სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებაში, თუ ეს იყო ბრძოლა ორ პოლიტიკურ ძალას შორის.

კაცებით ჩანაცვლებული ქალი

სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო სივრცეში პოზიციონირებდა, როგორც მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი. წინასაარჩევნო პერიოდში იყენებდა ქართული ოცნების რესურს და მხარდაჭერას, ხმების მოპოვების მიზნით. მეორე ტურში კი არათუ ბანერებზე, არამედ საარჩევნო კამპანიაშიც მმართველი გუნდის კაცმა ლიდერებმა ჩაანაცვლეს. პრეზიდენტობის კანდიდატი გაქრა. ქართულმა ოცნებამ მის ნაცვლად დაიწყო ამომრჩეველთან შეხვედრა. ეგზიტპოლის შედეგების შეფასებაც მმართველი გუნდის "არაჩვეულებრივმა ხუთეულმა" დაასწრო, ბიძინა ივანიშვილის სპიკერობით. თავად კი მედიასთან თითქმის საათნახევრიანი დაგვიანებით გამოჩნდა. არც ამ განცხადების დროს უხსენებია მომავალ პრეზიდენტს ქალის ფაქტორი.

ფილოსოფოს თათა ცოფურაშვილის აზრით, მეორე ტურის წინასაარჩევნო სტრატეგიამ აჩვენა, რომ მმართველი პარტია სალომე ზურაბიშვილს ძლიერ ქალ კანდიდატად არ აღიქვამდა.

თათა ცოფურაშვილი, ფილოსოფოსი

თათა ცოფურაშვილი, ფილოსოფოსი

ფოტო: Feminism and Gender Democracy

"თვალსაჩინო იყო, რომ გადამალეს და გადაფარეს. სწორედ მამაკაცებმა გაიყვანეს ქალი კანდიდატი და გამარჯვების შემდეგაც, მამაკაცები გვესაუბრნენ ქალი კანდიდატის ნაცვლად, მიკროფონებთან. ეს მოცემულობა გენდერულ ჭრილში სიხარულის საბაბს არ იძლევა, რომ თითქოს პოლიტიკურ სპექტრში ცნობიერებამ წინ წაიწია და ისინი ქალებსაც თანაბარ და თანასწორ მოთამაშეებად აღიქვამენ", — უთხრა On.ge-ს თათა ცოფურაშვილმა.

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, რუსუდან გოცირიძე ფიქრობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები არ ყოფილა ბრძოლა ორ კანდიდატს შორის, ეს იყო ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის შეჯიბრი ძალაუფლების მოპოვებისთვის:

"ვისურვებდი, რომ საარჩევნო ბრძოლა, მართლაც, ამ პიროვნებებზე აწყობილიყო და არა პოლიტიკურ პარტიებზე. ამ არჩევნებზე, რეალურად, აზრი არ ჰქონდა, რომელი პირები იქნებოდნენ კანდიდატები".

მსხვერპლი ქალის იმიჯი

წინასაარჩევნო პერიოდში სალომე ზურაბიშვილის მისამართით სიტყვა "ქალი" ოპონენტების კრიტიკის შემდეგ გაჟღერდა. პირველი მის სქესზე ყურადღება ქართული ოცნების დეპუტატმა, სოფიო კილაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან გაამახვილა.

"ჩვენი ქვეყნის ტრადიცია არის ქალის პატივისცემა. მსოფლიოში ერთ-ერთი მიმართულება არის ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა და ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის გაუმჯობესება. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ ქალ პოლიტიკოსზე მიმდინარეობს თავდასხმა ყველაზე უღირსი ფორმებით იმიტომ, რომ ის არის ქალი", — ამბობდა კილაძე.

ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

კილაძეს არც პარტიის თავმჯდომარე ჩამორჩა და ზურაბიშვილსა და თამარ მეფეს შორის გაავლო ისტორიული პარალელი.

რუსუდან გოცირიძე ფიქრობს, რომ სქესზე აპელირება ქართული ოცნებისგან გენდერულად არაჯანსაღი მიდგომა იყო.

"ეს არის სექსისტური დამოკიდებულება, როცა ამბობს, რომ კანდიდატი მისი სქესის გამო არ უნდა გააკრიტიკო", — უთხრა On.ge-ს გოცირიძემ.

ქალთა მოძრაობის წევრი, იდა ბახტურიძე On.ge-სთან ამბობს, რომ მართალია, საარჩევნო კამპანიის დროს სალომე ზურაბიშვილი თავის სქესს ხაზს უსვამდა, თუმცა შესაბამისი ღირებულებები არ ჰქონდა.

"ჩვენ ვაკრიტიკებდით მას, რადგან მმართველი პარტია მსხვერპლად წარმოაჩენდა. სქესი, გენიტალია, არ არის ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი. ის ქალების საჭიროებებიდან, გამოცდილებიდან უნდა საუბრობდეს. მაშინ იქნებოდა ქალი პრეზიდენტი. ეტყობა, რომ საერთოდ არ იცნობს გენდერული თანასწორობის საკითხს. მაგრამ ყველაფერი სწავლებადია და მთავარი სურვილია", — ამბობს იდა ბახტურიძე.

იდა ბახტურიძე, ქალთა მოძრაობა

იდა ბახტურიძე, ქალთა მოძრაობა

ფოტო: იდა ბახტურიძე / Facebook

კამპანია ქალთა უფლებების მიღმა

წინასაარჩევნო პერიოდში სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას სიტყვა ქალი რამდენჯერმე ახსენა. მან პირველად თქვა, რომ ყველა ქალის პრეზიდენტი და მათი უფლებების დამცველი იქნება, თუმცა ეს საკითხი საარჩევნო პროგრამაში არ შეუტანია. მხოლოდ მრავალშვილიან, მარტოხელა დედებსა და რეზიდენციაში გენდერულ ბალანსს დაუთმო სივრცე. მან რეკლამების სერიაც გადაიღო და ერთ-ერთი ქალებს მიუძღვნა.

"ქალი ძლიერი მამაკაცის გარეშე ძლიერი ვერ იქნება", — ამბობდა ის.

სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო პერიოდში ქალთა უფლებებზე ხშირად არ საუბრობდა, თუმცა მას ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემა უწევდა. ის არ მივიდა ქალთა მოძრაობის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, სადაც გენდერულ საკითხებზე მსჯელობა იგეგმებოდა.

ქალთა მოძრაობის აქტივისტების თქმით, დეპუტატობის დროს არ მიუღია იმ კანონპროექტების განხილვაში მონაწილეობა, რომელიც ქალთა უფლებებს უკავშირდებოდა, არც კენჭისყრაზე დაუფიქსირებია თავისი აზრი ქალების სასარგებლოდ.

"წლების განმავლობაში ველოდებოდით ქალ პრეზიდენტს, თუმცა ზურაბიშვილის გამარჯვება არ გაგვხარებია. მას წარმოაჩენდნენ, როგორც ბუტაფორიას, რომელსაც კაცები გამოაჩენდნენ, დამალავენ, ამოეფარებიან ან ამოიფარებდნენ", — თქვა ბახტურიძემ.

ფილოსოფოს თათა ცოფურაშვილის შეფასებით, ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიამ აჩვენა, რომ ის პოლიტიკურ სივრცეში წარმოჩინდებოდა, როგორც სუსტი ქალი.

"ის იყო სრულად სტერილური ქალთა საკითხებისადმი და მხოლოდ ბიოლოგიური სქესი გამოარჩევდა", — განაცხადა თათა ცოფურაშვილმა.

არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის დამარცხებისა და მმართველი გუნდის რეაქციის გახსენებით, ალბათ, რთული აღარ იქნება დასკვნების გამოტანა, რამ უფრო იმუშავა მეორე ტურში: ქალის ფაქტორმა თუ მმართველი გუნდის წინასაარჩევნოდ გაკეთებულმა საქმემ.