მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში, რომლის დეპუტატიც პარლამენტში სალომე ზურაბიშვილია, შუალედური არჩევნები დაინიშნება. ზურაბიშვილი პარლამენტის დეპუტატად 2016 წელს აირჩიეს.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, თუ პარლამენტის წევრს 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე შეუწყდა შუალედური არჩევნები უახლოეს მაისში უნდა ჩატარდეს. საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების წელს შუალედური არჩევნები არ იმართება.

როგორც სამართლიანმა არჩევნებმა On.ge-ს განუმარტა, პარლამენტის წევრს რეგლამენტით დადგენილი წესით უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება სხვადასხვა საფუძველზე, თუმცა ამ შემთხვევაში შეიძლება განვიხილოთ ორი ვარიანტი:

  • საკუთარი განცხადების საფუძველზე;
  • დაიკავა პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა.

პირველ შემთხვევაში პარლამენტის წევრის მიერ უფლებამოსილების მოხსნის შესახებ წერილობითი განცხადება წარედგინება პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც დაუყოვნებლივ გადასცემს მას პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს. კომიტეტი 15 დღის ვადაში ადგენს განცხადების ნამდვილობას, გარემოებას, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადებას, და ამზადებს შესაბამის დასკვნას.

მეორე შემთხვევაში, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს წყვეტს პარლამენტი. პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ამზადებს დასკვნას. წარდგენილი დასკვნის საფუძველზე პარლამენტის ბიუროს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხი განსახილველად შეაქვს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. პარლამენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ განიხილოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი.

არჩევნების შედეგები

პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ხმები პროცენტულად ასე გადანაწილდა:

  • ზურაბიშვილი — 59,52%;
  • ვაშაძემ — 40,48%.

პირველ ტურში მიღებული ხმები საკმარისი არ აღმოჩნდა რომელიმე კანდიდატის პრეზიდენტად ასარჩევად. მაშინ ზურაბიშვილი ვაშაძეს 14 348 ხმით უსწრებდა.

პირველი ტურში კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:

  • ზურაბიშვილი — 615 572 ხმა (38,64%);
  • ვაშაძე — 601 224 (37,74%).