საარჩევნო უბნებთან ე.წ. ძველი ბიჭების მობილიზებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშცილმა უპასუხა, რომ ცუდს ვერაფერს ხედავს, როცა შტაბები "კაი გოგობსა და კაი ბიჭებს იყენებენ გვერდში". ამის შესახებ მან დღეს, 29 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა:

"ჩემი აზრით, ყველა შტაბი უნდა ეცადოს, რომ კაი ბიჭები და კაი გოგოები დაიყენოს გვერდში. მე ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ. იმიტომ, რომ სწორედ კარგები არიან საჭირო გამარჯვებისთვის და არა ცუდები".

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ მასობრივ გაყალბებაზე საუბრობს ოპოზიცია. საქართველოს ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარის, პაატა დავითაიას განცხადებით, 28 ნოემბრის არჩევნებზე იყო ამომრჩევლის მოსყიდვა და ასევე, დაფიქსირდა საარჩევნო უბნებთან მოქალაქეებისთვის ფულის გადაცემა:

"ძალიან დიდი ვალდებულებები აიღო სახელმწიფომ კრიმინალთან. რეალურად, მოხდა შსს-ს და კრიმინალის ერთობლივი სინთეზური მოქმედება, რაც აბსოლუტური კატასტროფაა".