ცესკოს წინასწარი შედეგებით, საპრეზიდენტო კანდიდატების ხმების რაოდენობა მეორე ტურში გაიზარდა. ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მეორე ტურში ხმების რაოდენობა თითქმის გააორმაგა. გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ კი მეორე ტურის შედეგი მესამედითაც კი ვერ გააუმჯობესა.

პირველ ტურში ზურაბიშვილი ვაშაძეს 14 348 ხმით უსწრებდა, მეორე ტურში მმართველი პარტიის მხარდაჭრილმა კანდიდატმა 367 492 ხმით მეტი მიიღო.

სალომე ზურაბიშვილმა პირველ ტურთან (615 572) შედარებით, მეორე ტურში, 531 534-ით მეტი, ჯამში კი 1 147 106 ხმა მიიღო. გრიგოლ ვაშაძემ ჯამში 779 614 ხმა დააგროვა, რაც 178 390-ით მეტია პირველი ტურის მაჩვენებელზე (601 224).

პირველი ტურში, მესამე ადგილზე გასულმა ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ თავის ამომრჩეველს ვაშაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მან ხმების 10,94 პროცენტი და ჯამში 174 849 ხმა მიიღო. ოპოზიციის კანდიდატს მხარი დაუჭირეს რესპუბლიკელებმაც.

მიუხედავად ამისა, იყვნენ რიგი პოლიტიკური ძალები, რომლებმაც შუალედური პოზიცია დაიჭირეს. მაგალითად, პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა თქვა, რომ არცერთ კანდიდატს არ უჭერს მხარს. გირჩის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ კი განაცხადა, რომ საერთოდ არ აპირებს ხმის მისაცემად მისვლას.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმების 100 პროცენტი უკვე დათვალა. ამ მონაცემებით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხდება.