ქართული ჭიდაობა UNESCO-ს მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა. აღნიშნული გადაწყვეტილება, 29 ნოემბერს, მავრიკიის ქალაქ პორტლუისში იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-13 სესიაზე მიიღეს.

ქართული ჭიდაობა 200-მდე ილეთსა და კონტრილეთს ითვლის; კლასიფიცირებულია ექვსი ძირითადი დარგი: ცერულები, სარმები, თეძოები, მოგვერდები, კაურები და კისრულები. მუსიკალური აკომოპანიმენტი ქართული ჭიდაობის ორგანული და განუყოფელი ნაწილია.

2014 წელს, ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, ქართულ ჭიდაობას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. 2016 წელს, კი პრემიერ-მინისტრის დადგენილებით, ქართულ ჭიდაობას ეროვნული კატეგორია განესაზღვრა. შემდგომ, აღნიშნული საკითხი, გადაიგზავნა იუნესკოში,.

იუნესკოს კულტურული მემკვიდერობის წარმომადგენლობით ნუსხაში უკვე შესულია ოთხი ქართული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი: ქართული მრავალხმიანობა (2001 წ.), ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი (2013 წ.) , ქართული ანბანის 3 სახეობის ცოცხალი კულტურა (2016 წ.) და ქართული ჭიდაობა (2018 წ.).