მას შემდეგ, რაც 24 აგვისტოს უამრავმა აბიტურიენტმა ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე მიღებული მცდარი შედეგები მიიღო, დღეს Naec-მა საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა, ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია მიმინოშვილმა კი პირველი განმარტებები გააკეთა.

შედეგების თანახმად, წელს 27 782 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, სახელმწიფო გრანტი კი 6 500-მა აბიტურიენტმა მიიღო. ამასთან, 4 000-მდე იმ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა, სადაც სწავლას სახელმწიფო სრულად აფინანსებს.

მიმინოშვილის განცხადებით, 41 ათასზე მეტი აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული, თუმცა გამოსაშვები გამოცდების შემდეგ დაახლოებით 3 ათასამდე აბიტურიენტი კონკურსს უკვე გამოეთიშა. მისი თქმით, მონაწილეობას 37 ათასზე მეტი აბიტურიენტი იღებდა.

მიმინოშვილმა აღნიშნა, რომ გამჟღავნებული პირველადი შედეგები, რომელიც აბიტურიენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდა, საბოლოო შედეგებს ემთხვევა, თუმცა მისივე განმარტებით, ცვლილებებია საბოლოო შედეგებში საგრანტო კონკურსში. მისი თქმით, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, საბოლოო შედეგის მიხედვით, რამდენიმე აბიტურიენტს გრანტი დაემატა, რამდენიმეს კი შეუმცირდა:

"ის, რაც მოხდა ღამის 11 საათზე, პირველად გავუშვით ჩარიცხვების პროგრამა, დამოუკიდებლად ორჯერ. ყველაფერი დაემთხვა ერთმანეთს და სწორედ ამ პერიოდის განმავლობაში შეტყობინებების სერვისი არ იყო გამორთული. ამ პერიოდში, როდესაც ერთი-ორი აბიტურიენტი შემოვიდა და მისთვის ხელმისაწვდომი იყო ის ინფორმაცია, რაც ჩვენს ბაზაში იყო, პირველადი ჩარიცხვების ინფორმაციას ვგულისხმობ, ბუნებრივია სასწრაფოდ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცენტრმა უკვე შედეგები გამოაცხადა".

მიმინოშვილმა განმარტა, რომ დღეს გამოქვეყნებული შედეგების თანახმად, მხოლოდ მცირე ცვლილება შეეხო საგრანტო კონკურსს. რაც შეეხება ჩარიცხვებს, მისი თქმით, პირველადი ინფორმაცია ბოლო ინფორმაციას ემთხვევა:

"ასე რომ ეს იყო ტყუილი აჟიოოტაჟი, მე ამას ვერც ხარვეზს დავარქმევ და ვერც გაუგებრობას. საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით, რამოდენიმე აბიტურიენტს დაემატა გრანტი, რამდენიმე აბიტურიენტს ის გრანტი, რაც პირველადი მონაცემებით იყო შეუმცირდა".

24 აგვისტოს ღამით, უამრავმა აბიტურიენტმა გამოცდების ეროვნული ცენტრის ნომრიდან გაიგო ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შედეგები.

აბიტურიენტების ნაწილი გამოცდების წარმატებით ჩაბარებას აღნიშნავდა, როდესაც აღმოჩნდა, რომ ფასიანი მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიღებული შედეგები მცდარი იყო.