სამართლიანი არჩევნების ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე დამკვირვებლებმა პროცედურული დარღვევები დააფიქსირეს. ორგანიზაციის ცნობით, საყურადღებოა კენჭისყრის პროცესის დაწყების შემდეგ ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის რამდენიმე შემთხვევა. როგორც განცხადებაში წერია, დამკვირვებლებმა წილისყრის წესის და სხვა პროცედურების დარღვევებიც გამოავლინეს.

სამართლიანი არჩევნების მიერ გამოვლენილი დარღვევები

ორგანიზაციას, 11 საათის მონაცემებით, საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიებში 15 საჩივარი აქვს წარდგენილი.

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა

  • გურჯაანის #12 საარჩევნო ოლქის #26 უბანზე ქართული ოცნების წარმომადგენლები ამომრჩევლებს ბიულეტენში უმოწმებდნენ, თუ რომელი კანდიდატი ჰყავდათ შემოხაზული. ფაქტის გაპროტესტების შემდეგ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი უბნიდან გააძევეს;
  • გურჯაანის #12 საარჩევნო ოლქის #43 უბანზე ამომრჩევლები ხმას საარჩევნო კაბინაში შეუსლელად აძლევენ. ამასთან, იმ ამომრჩევლებს, რომლებიც ხმას კაბინაში აძლევენ, ისე გამოაქვთ ბიულეტენები, რომ შესაძლებელია იმის გარკვევა, თუ ვინ შემოხაზეს;
  • ტყიბულის #57 საარჩევნო ოლქის #2 უბანზე ამომრჩეველმა ხმა საარჩევნო კაბინის გარეთ მისცა;

არაუფლებამოსილი პირი უბანზე

  • წყალტუბოს #58-ე ოლქის #55 საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა პოლიციელი, რომელიც ამომრჩეველი არ იყო და უბანზე ყოფნის უფლება არ ჰქონდა. აღნიშნული პირი უბნის ტერიტორიაზე ფოტოსურათებს ტელეფონით იღებდა. დამკვირვებლის მითითებით პოლიციელმა ფოტოების გადაღება შეწყვიტა და დატოვა უბანი, თუმცა მოცემულ ფაქტზე რეაგირება არ ჰქონია კომისიის თავმჯდომარეს;

დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა

  • ლანჩხუთის #61 საარჩევნო ოლქის #20 უაბნზე და ხულოში დამკვირვებლებს გარკვეული დროის განმავლობაში პრობლემები შეექმნათ, რადგან, კომისიის წევრების განცხადებით, მათ აკრედიტაციას ვადა ჰქონდა გასული;

უბნის დაგვიანებით გახსნა

  • დმანისის #24 საარჩევნო ოლქის #30 უბანი 20 წუთის დაგვიანებით გაიხსნა, რადგან უბანზე არ ჰქონდათ ბეჭდის მელანი.

საკონტროლო ფურცლის არასწორად მოთავსება ყუთში

  • ყვარლის #16 საარჩევნო ოლქის #14 საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცელი საარჩევნო ყუთში პირველი ამომრჩევლის მოსვლამდე მოათავსეს;

წილისყრის წესის დარღვევა

  • ქობულეთის #81 საარჩევნო ოლქის #3, #11 და #62 უბნებზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს მიერ დანიშნულმა კომისიის წევრებმა უარი თქვეს გადასატანი ყუთის გამყოლი კომისიის წევრების შესარჩევ წილისყრაში მონაწილეობაზე;
  • ჩხოროწყუს #69 საარჩევნო ოლქის #2 უბანზე კომისიის წევრმა უარი განაცხადა გადასატანი ყუთის გამყოლი კომისიის წევრის შერჩევის წილისყრაში მონაწილეობაზე;
  • ბათუმის #79 საარჩევნო ოლქის #25 უბანზე კომისიის თავმჯდომარემ ერთ-ერთ კომისიის წევრს წილისყრაში არ მიაღებინა მონაწილეობა, რაზეც ეს უკანასკნელიც დაეთანხმა;
  • ზუგდიდის #67 საარჩევნო ოლქის #59 უბანზე პატრიოტთა ალიანსის მიერ დანიშნულმა კომისიის წევრმა უარი განაცხადა ნებისმიერი სახის ფუნქციის შესრულებაზე;
  • კასპის #30 საარჩევნო ოლქის #5 უბანზე კომისიის წევრმა ორსულობის გამო უარი განაცხადა წილისყრით მინიჭებული ნაკადის მომწესრიგებლის ფუნქციის შესრულებაზე და მას რეგისტრატორის ფუნქციის შესრულება დაეკისრა წილისყრის გარეშე.

უბანზე ყოფნის წესის დარღვევა

  • ზუგდიდის #67 საარჩევნო ოლქის #51 უბანზე შემოსულმა პირმა, რომელსაც ჰქონდა აკრედიტაციას შესაბამისი წესით რეგისტრაცია არ გაიარა.