მოძრაობა რუსეთი ოკუპანტიამ თბილისში, უკრაინის საელჩოსთან მხარდასაჭერი აქცია გამართა. "რუსეთი ოკუპანტია, ვიცით რასაც გრძნობთ", — ამ სლოგანით აქტივისტებმა ქერჩის კრიზისი გააპროტესტეს და უკრაინელ ხალხის მხარდაჭერა გამოუცხადეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, რუსული არ ცვლის თავის აგრესიულ პოლიტიკას და სახელმწიფოების სუვერენიტეტს არღვევს. მათ მოუწოდეს საერთაშორისო თანამეგობრობას რეაგირება მოახდინონ რუსეთის უკანონო ქმედებებზე.

ქერჩის კრიზისი

25 ნოემბერს რუსულმა მხარემ სამ უკრაინულ გემს ქერჩის სრუტეში ცეცხლი გაუხსნა და შემდეგ დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის მხრიდან რამდენიმე დაჭრილი და მძიმედ დაშავებულია.

კრიზისი მაშინ დაიწყო, როცა რუსულმა მხარემ უკრაინული გემები თავისი საზღვაო ტერიტორიის დარღვევაში დაადანაშაულა. 25 ნოემბერს, დილით, უკრაინული გემები "ბერდიანსკი" და "ნიკოპოლი", ბუქსირ "იანა კაპასთან" ერთად შავი ზღვის ტერიტორიიდან აზოვის ზღვაში მიცურავდნენ ქერჩის სრუტის გავლით. ეს არის ერთადერთი გზა ამ მიმართულებით წასასვლელად, რომლის აკვატორიასაც რუსეთი და უკრაინა იზიარებენ.

უკრაინული მხარე ამბობს, რომ რუსეთმა პროვოკაცია მოაწყო. მათი მტკიცებით, რუსული გემი უკრაინელების ბუქსირს განგებ შეეჯახა, რის შედეგადაც ბუქსირის რამდენიმე ნაწილი მნიშვნელოვნად დაზიანდა. შეჯახების შემდეგ უკრაინულმა გემებმა მარიოპოლისის მიმართულებით ცურვა განაგრძეს, თუმცა რუსულმა მხარემ ქერჩის სრუტეზე გამავალი ხიდის ქვეშ ტანკერი ჩააყენეს და უკრაინულ გემებს გზის გაგრძელების საშუალება არ მისცეს. მოგვიანებით, ადგილზე რუსული ვერტმფრენებიც გამოჩნდნენ, რათა ტერიტორია გაეკონტროლებინათ.

რუსული მხარის განცხადებით, ამ მოქმედებებს უსაფრთხოების ზომების მისაღებად ახორციელებდნენ. ამ ფაქტს უკრაინული მხარე უარყოფს. მათი მტკიცებით, გემების გადაადგილების მარშუტი წინასწარ იყო შეთანხმებული რუსულ მხარესთან.

უკრაინის უმაღლესმა რადამ დაამტკიცა პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განკარგულება საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ. საომარი მდგომარეობა რუსეთის საზღვართან მდებარე 10 რეგიონში გამოცხადდა და 30 დღე გაგრძელდება. საომარი მდგომარეობა არ გულისხმობს საომარი მოქმედებების წარმოებას.