კოსმოსში შვიდთვიანი ხეტიალის შემდეგ NASA-ს მისია წარმატებით დაეშვა მარსზე. რამდენიმე წუთის შემდეგ კი ხომალდმა InSight-მა ოფიციალური სიგნალი გამოგზავნა დედამიწისკენ. სიგნალს თან ერთვოდა მარსის ზედაპირის ფოტოც.

InSight-ის მანევრი მარსის ატმოსფეროში შესვლიდან ზედაპირთან შეხებამდე დაახლოებით 7 წუთს გაგრძელდება. ნასას ინჟინრების თქმით, ეს "ტერორის 7 წუთი" იყო, რაც გაზვიადება სულაც არაა. წითელ პლანეტას ხომალდების სასაფლაოსაც უწოდებენ ხოლმე, რადგან მარსზე დაშვების 44 მცდელობიდან მხოლოდ 18 აღმოჩნდა წარმატებული. მისია აშშ-ის კოსმოსურ სააგენტოს $850 მილიონი დაუჯდა.

InSight აღჭურვილია მბურღავი ზონდით და უზუსტესი სეისმომეტრებით. განსხვავებით როვერებისგან, რომლებიც მარსის ზედაპირზე გადაადგილდებიან, ეს ხომალდი ერთ ადგილზე განთავსება და წითელი პლანეტის წიაღისა და შემადგენლობის შესახებ მოგვაწვდის ცნობებს. მეცნიერებისთვის ეს ფასდაუდებელი ინფორმაცია იქნება მარსის სტრუქტურისა და განვითარების ისტორიის შესწავლის საქმეში.

"მარსო! მე უკვე გგრძნობ, და ცოტა ხანში შენს გულსაც გავიცნობ. უსაფრთხო დაშვების შედეგად, უკვე აქ ვარ. სახლში ვარ", - წერია NASAInSight-ის ტვიტში.

InSight-მა მარსზე მიკროჩიპით 2.4 მილიონი ადამიანის სახელი და გვარიც წაიღო. საკუთარი სახელის დაფიქსირება მსურველებს NASA-ს საიტზე რამდენიმე თვის განმავლობაში შეეძლოთ.