ცენტრალური ამერიკის თითქმის 500-მა მიგრანტმა აშშ-მექსიკის საზღვრის გადალახვა უკანონოდ სცადა. სამართალდამცავებმა კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, წერს Reuters.

რამდენიმე ასეულმა ადამიანმა საზღვრის გასწვრივ საპროტესტო აქცია მოაწყო. მიგრანტები აშშ-ში შესვლის ნებართვას ელოდებოდნენ და როდესაც მათ უარი უთხრეს, რამდენიმე ჯგუფი საზღრისკენ დაიძრა. როგორც გამოცემა წერს, ცრემლსადენი გაზის გამო დაშავდნენ ადამიანები, რომლებიც საზღვრიდან რამდენიმე ასეულ მეტრში იდგნენ.

Associated Press-ის ინფორმაციით, მექსიკელმა სამართალდამცავებმა საპროტესტო აქციის 39 პირი დააკავეს. მექსიკამ პირობა დადო, რომ დაადეპორტებდა ყველა მიგრანტს, რომელმაც ტიხუანიდან აშშ-ში გადასვლა უკანონოდ სცადა.

ამერიკამ რამდენიმე საათის განმავლობაში სასაზღვრო გამშვები პუნქტი სან-დიეგოსა და ტიხუანას შორის ჩაკეტა.

ფოტო: AP

ფოტო: AP

ფოტო: AP

ფოტო: AP

ფოტო: AP

ფოტო: AP

მიმდინარე წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ ჰონდურასიდან აშშ-ის მიმართულებით შვიდი ათასი მიგრანტი მიემართება. მიგრანტები თავიანთ ქვეყანას გაჭირვების, კორუფციისა და მძიმე სოციალური პირობების გამო ტოვებენ. ტრამპმა განაცხადა, რომ მიგრანტების ქარავანში "ბევრი დამნაშავე და ახლო აღმოსავლეთიდან ჩამოსული უცნობი ხალხია".

დონალდ ტრამპმა მექსიკის საზღვარზე სამხედროები გააგზავნა, რათა მიგრანტებმა აშშ-ში შესვლა ვერ შეძლონ. გარდა ამისა, მას სურდა, რომ საიმიგრაციო კანონმდებლობა შეეცვალა, კერძოდ, კი არალეგალი მიგრანტები თავშესაფარს ვეღარ მოითხოვდნენ. აღნიშნული ცვლილება სასამართლომ შეაჩერა.

ტრამპის თქმით, მიგრანტებს შორის რამდენიმე ასეული დამნაშავეა და ისინი მას "სხვა გამოსავალს არ უტოვებენ. ამავე დროს, ტრამპმა იმედოვნა, რომ მიგრანტებისათვის სროლა საჭირო არ გახდება. აშშ-ს პრეზიდენტმა მექსიკასთან საზღვრის დაკეტვაც არ გამორიცხა.

რამდენიმე დღის წინ აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ არეულობისა და სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში სამხედროებს იარაღის გამოყენებისა და მიგრანტების დაკავების უფლება მისცა. ამერიკის კანონმდებლობით მშვიდობიან პერიოდში სამხედროებს პოლიციის უფლებამოსილების შეთავსება ეკრძალებათ.

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სამხედროებს უფლება მისცა, რომ საჭიროების შემთხვევაში მექსიკის საზღვარზე მიგრანტებს ცეცხლი გაუხსნან.